12 სექტემბერს, ბათუმში, კრეატიული ინდუსტრიის საერთაშორისო ფესტივალის - Ad Black Sea
2026-ის დახურვისა და დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
მე-10 საიუბილეო ფესტივალმა კიდევ ერთხელ გააერთიანა ქართველი და საერთაშორისო კრეატიული ინდუსტრიის წარმომადგენლები - სააგენტოების ხელმძღვანელები, კრეატიული დირექტორები, მარკეტერები, დიზაინერები, კონტენტ-კრეატორები და ტექნოლოგიური სფეროს პროფესიონალები.
კონკურსის მონაწილეები ერთმანეთს 13 ძირითად კატეგორიაში ეჯიბრებოდნენ, მათ შორის - ბრენდინგის, დიზაინის, ციფრული კომუნიკაციისა და ფილმის მიმართულებებით. ნამუშევრები 20-ზე მეტი ქვეყნიდან მოწვეულმა 30-ზე მეტმა საერთაშორისო ექსპერტმა შეაფასა.
AD Black Sea 2026-ის გრან-პრის მფლობელები სააგენტოები Playmakers და Windfor’s Tbilisi გახდნენ.
უკვე მეორე წელია, რაც გამარჯვებული პროექტები The One Club Global Creative Rankings-ში აისახება, რაც რეგიონში შექმნილ ნამუშევრებს საერთაშორისო პროფესიულ რუკაზე დამატებით ხილვადობას ანიჭებს.
AD Black Sea-ის მე-10 საიუბილეო გამოცემის მთავარი გზავნილი იყო ON THE EDGE - Festival of Creative Resistance. კონცეფცია კრეატივს წარმოაჩენდა, როგორც ზღვარზე ყოფნისა და პროფესიული წინააღმდეგობის ძალას - განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც ინდუსტრია სწრაფ ტექნოლოგიურ და კულტურულ გარდაქმნებს გადის.
ფესტივალის მთავარ სცენაზე გლობალური კრეატიული ინდუსტრიის გამორჩეული წარმომადგენლები წარდგნენ, მათ შორის: დევიდ დროგა - Accenture-ის საბჭოს ვიცე-თავმჯდომარე და Droga5-ის დამფუძნებელი; სინდი გელოპი - MakeLoveNotPorn-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი; ნატაშა ჯენი - Pentagram New York-ის პარტნიორი; მიჰნეა გეორგიუ - Le Pub-ის გლობალური მთავარი კრეატიული დირექტორი; კატალინ დობრე - McCann Worldgroup Romania-ს მთავარი კრეატიული დირექტორი და თანააღმასრულებელი დირექტორი; და ვიზუალური არტისტი და კრეატიული ტექნოლოგი იოჰანა იასკოვსკა.
მათი გამოსვლები შეეხებოდა კრეატიულ ლიდერობას, დიზაინს, ტექნოლოგიას, კულტურასა და თანამედროვე საკომუნიკაციო ინდუსტრიის ტრანსფორმაციას. პროგრამის ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მოესმინათ განსხვავებული საერთაშორისო ხედვები, გაეზიარებინათ პროფესიული გამოცდილება და დაემყარებინათ ახალი კავშირები რეგიონისა და მსოფლიოს კრეატიულ საზოგადოებასთან.
წელს ფესტივალზე უკვე მეორედ გაიმართა Creator Stage - დამოუკიდებელი სივრცე კონტენტ-კრეატორებისა და ინფლუენსერებისთვის, სადაც მონაწილეებმა აუდიტორიას საკუთარი გამოცდილება, პრაქტიკული ცოდნა და ინდუსტრიაში მიმდინარე ცვლილებების ხედვა გაუზიარეს.
მე-10 საიუბილეო წელიწადი Ad Black Sea-ის ათწლიანი განვითარების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი გახდა. ამ პერიოდის განმავლობაში ფესტივალმა 40-ზე მეტი ქვეყნიდან 290 ჟიურის წევრს, 40-მდე ქვეყნიდან 283 სპიკერს, 4,872 საკონკურსო განაცხადსა და 7,135 დელეგატს უმასპინძლა და რეგიონის კრეატიული ინდუსტრიის ერთ-ერთ მთავარ პროფესიულ პლატფორმად ჩამოყალიბდა.
AD Black Sea 2026 ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“, 12 სექტემბერს დასრულდა.
გამარჯვებული ნამუშევრების სრული ჩამონათვალის სანახავად, მიჰყევით ბმულს:





















