ტრადიციულ მოწევასთან შედარებით, თამბაქოს ელექტრონული მოწყობილობების მოხმარება 95%-ით ამცირებს მწეველის ორგანიზმისთვის მიყენებულ ზიანს. თუმცა ამის მიუხედავად, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ჯანდაცვის ინსტიტუტებსა და საკანონმდებლო ორგანოებს ამ მოწყობილობების მოხმარებაზე აკრძალვების დაწესებისკენ მოუწოდებს. დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლები ჯანმოს მიდგომას აკრიტიკებენ და თამბაქოს ალტერნატიული მოწყობილობების შესაძლო სარგებელზე ამახვილებენ ყურადღებას.
ამ საკითხთან დაკავშირებით, ბრიტანული მედია სააგენტო CAXPX პარლამენტარ ადამ აფრიეს სტატიას აქვეყნებს.
“ბრექსიტმა მოგვცა შესაძლებლობა, გადაგვეხედა მულტინაციონალური ორგანოების მიერ დაწესებული ყველა არსებული კანონისა და რეგულაციისთვის, გაგვეანალიზებინა მათ უკან მდგარი მიზეზები და შეგვეფასებინა, თუ რომელი ინიციატივა იყო საფუძვლიანი, რომელი საჭიროებდა გაუმჯობესებას და რომელი - უგულებელყოფას”, - წერს ადამ აფრიე, დიდი ბრიტანეთის პარლამენტარი.
ასეთი რეგულაციების რიცხვს თამბაქოს პროდუქტებზე, კერძოდ კი თამბაქოს ზიანის შემცირების მთავარ ინსტრუმენტებზე - ელექტრონულ სიგარეტებზე, თამბაქოს გასახურებელ მოწყობილობებსა და ნიკოტინის პლასტერებზე დაწესებული რეგულაციები მიეკუთვნებოდა.
თამბაქოს ზიანის შემცირების მიმართულებით, დიდი ბრიტანეთი მსოფლიოში ლიდერის პოზიციებს იკავებს. მათი კანონმდებლობა და ჯანდაცვის ინიციატივები მეცნიერულ მტკიცებულებებზე არის დაფუძნებული, რომლის თანახმად, თამბაქოს ალტერნატიული მოწყობილობები 95%-ით ამცირებს ტრადიციულ მოწევასთან დაკავშირებულ რისკებს.
“ჩვენთვის ნათელია, რომ მწეველების სიგარეტზე დამოკიდებულებას ნიკოტინი იწვევს, თუმცა მოწევასთან დაკავშირებული დაავადებების განვითარების მიზეზს მოწევა წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, რატომ არ უნდა შევთავაზოთ იმ ზრდასრულ მწეველებს, რომლებიც ვერ ანებებენ თავს მოწევას, ნიკოტინის მიღების შედარებით ნაკლები ზიანის მომტანი გზა? მარტივად ჟღერს, არა? ამის მიუხედავად, ევროკავშირმა მაინც იპოვა გზა, გაერთულებინა ეს შესაძლებლობა”, - აღნიშნავს დიდი ბრიტანეთის პარლამენტარი.
როგორც ადამ აფრიე ამბობს, ევროკავშირის ბიუროკრატიული მიდგომები ამწვავებს პროცესს, მათ მიერ ასობით დაფინანსებული კვლევა კი ერთმანეთს ეწინააღმდეგება და რიგ შემთხვევებში, წინააღმდეგობაში მოდის საკუთარ თავთანაც კი. მისივე განცხადებით, ევროკავშირის მიერ დაწესებული რეგულაციები არ აძლევს შესაძლებლობას მწეველს, ჰქონდეთ წვდომა შემცირებული ზიანის მქონე მოწყობილობებზე.
ევროკავშირის მსგავსად, ბიუროკრატიულ მიდგომებს იყენებს ჯანმოც, რომელიც მოუწოდებს ქვეყნებს, დააწესონ აკრძალვა თამბაქოს ელექტრონულ მოწყობილობებზე და ისინი ტრადიციული სიგარეტის მსგავსად დაარეგულირონ.
ამის საპირისპიროდ, დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ინსტიტუტები უპირატესობას ანიჭებენ თამბაქოს ზიანის შემცირების სტრატეგიას, როგორც “თამბაქოს პანდემიის” წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტურ საშუალებას.
“ეს ძალიან მარტივი გამარჯვება იქნებოდა თითოეული მთავრობისათვის, იმის გათვალისწინებით, რომ თამბაქოს ელექტრონული მოწყობილობების მოხმარება, ტრადიციულ სიგარეტთან შედარებით, 95%-ით ნაკლები ზიანის მომტანია. თუმცა, ამ ინოვაციას მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაცია ეწინააღმდეგება”, - წერს ადამ აფრიე.
მისივე განცხადებით, ჯანმოს მიდგომა მოკლებულია სამეცნიერო მტკიცებულებებსა და საღ აზრს. მათი პოზიცია კი კიდევ უფრო მეტად მიუღებელი ხდება 2020 წელს ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული EURO Regional Grouping ბრიფინგის დოკუმენტის შემდეგ, რომელშიც ნათქვამია, რომ “ტრადიციული თამბაქოს სრულად ან ნაწილობრივ ელექტრონული ნიკოტინის ან არა-ნიკოტინის მიმწოდებელი სისტემით ჩანაცვლება, საგრძნობლად ამცირებს მომხმარებლის დაქვემდებარებას ტრადიციულ სიგარეტში არსებული მრავალრიცხოვანი ტოქსიკური ნივთიერებებისა და კანცეროგენებისადმი”.
როგორც პარლამენტარი აღნიშნავს, ჯანმოს გადაწყვეტილებები მოუწოდებს მთავრობებს, უგულებელყონ მეცნიერება და მოახდინონ მათი, მეცნიერულ საფუძვლებს მოკლებული ინიციატივების იმპლემენტაცია. მსგავსი ქმედება მიუღებელია.
“თამბაქოს ზიანის შემცირების სტრატეგიამ მოგვცა შესაძლებლობა, დიდ ბრიტანეთში გადაგვერჩინა ათობით ათასი ადამიანის სიცოცხლე”, - აღნიშნავს ადამ აფრიე.




























