მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ადამიანებს სჭირდებათ არა ციფრებით მანიპულირება, არამედ რეალური შემოსავალი | დაჯი კოვზირიძე

დაჯი კოვზირიძე

"ადამიანებს სჭირდებათ არა ციფრებით მანიპულირება და ბიუჯეტის ზრდით გამოწვეული სიხარული, არამედ რეალური შემოსავალი, ხელმისაწვდომი ფასები და ღირსეული ცხოვრება!", - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა დაჯი კოვზირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ "ქართული ოცნება" პრობლემებზე მოსაუბრე პარტიების აკრძალვით, რეალურ პრობლემებს ვერ გადაჭრის.

"ჩვენი პოლიტიკური პარტია ამ ტრიბუნიდან ყოველდღე ერთსა და იმავეს გეუბნებით, ხალხს უჭირს, თუმცა თქვენ ამ თბილ სავარძლებში ამას ვერ გრძნობთ!

ჩვენ ვსაუბრობთ პენსიებზე, ხელფასებზე, სურსათის ფასებზე, საწვავზე, მედიკამენტებზე, მრავალშვილიანი ოჯახების პრობლემებზე. ვსაუბრობთ ადამიანებზე, რომლებსაც თვის ბოლომდე საკუთარი შემოსავალი არ ჰყოფნით. ჩვენ გეუბნებით, რომ ადამიანებს სჭირდებათ არა ციფრებით მანიპულირება და ბიუჯეტის ზრდით გამოწვეული სიხარული, არამედ რეალური შემოსავალი, ხელმისაწვდომი ფასები და ღირსეული ცხოვრება!

ჩვენ ამ ტრიბუნიდან გორის ინციდენტზეც ვისაუბრეთ, რადგან ქვეყანაში არც ერთი ადამიანის უფლება და არც ერთი მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი პრობლემა არ უნდა დარჩეს პასუხგაუცემელი. და თქვენ რას აკეთებთ? ფასები უნდა შეამციროთ, მაგრამ ფასები ხალხისთვის ისევ მძიმე ტვირთად რჩება. ადამიანებს მეტი შემოსავალი სჭირდებათ, მაგრამ მათ პრობლემებზე პასუხის ნაცვლად, პოლიტიკური პარტიების აკრძალვით იმუქრებით. მათ შორის ჩვენი პარტიის აკრძალვითაც.

რა გამოდის, თუ ხალხის პრობლემებზე გელაპარაკებით, უნდა აგვკრძალოთ? თუ პენსიების გაზრდას ვითხოვთ, უნდა გაგვაჩუმოთ? თუ საწვავის, სურსათისა და მედიკამენტების ფასების ზრდაზე პასუხს გთხოვთ, უნდა აგვიკრძალოთ პოლიტიკური საქმიანობა?

პარტიის აკრძალვით პენსიონერს პენსია არ გაეზრდება, პური არ გაიაფდება, მედიკამენტები ხელმისაწვდომი არ გახდება, მრავალშვილიანი ოჯახების პრობლემები არ მოგვარდება.

ხალხის პრობლემები ვერ გაქრება მხოლოდ იმიტომ, რომ ამ პრობლემებზე მოლაპარაკე ადამიანების გაჩუმება გსურთ! ჩვენი პოლიტიკური პარტია ამ საკითხებზე საუბარს გააგრძელებს. გავაგრძელებთ კითხვების დასმას, მოვითხოვთ პასუხებს და დავიცავთ იმ ადამიანების ინტერესებს, რომელთა ხმა ხშირად ხელისუფლებას არ ესმის!

დრო ძალიან სწრაფად გადის, ხელისუფლება დროებითია, ხოლო თქვენს გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობა მუდმივი.

პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება ყველას, ვინც იღებს გადაწყვეტილებებს და ვინც ამ გადაწყვეტილებებს მხარს უჭერს.

თუ თქვენ პოლიტიკური ოპონენტების აკრძალვას აირჩევთ, ამის შეფასებას საზოგადოება და ისტორია მოახდენს. ხოლო თქვენ, თითოეულ თქვენგანს, მოგიწევთ პასუხის გაცემა საკუთარ გადაწყვეტილებებზე არა მხოლოდ პოლიტიკურ ოპონენტებთან, არამედ მოქალაქეებთანაც.

ჩვენ არ გვეშინია კითხვების დასმის. ჩვენ არ ვაპირებთ ხალხის პრობლემებზე დუმილს. და თუ ფიქრობთ, რომ ჩვენი აკრძალვით ამ პრობლემებსაც გააჩუმებთ, ძალიან ცდებით!

ჩვენ აქ ვართ ხალხის ხმა! პენსიონერის, დასაქმებულის, მრავალშვილიანი ოჯახის, იმ ადამიანების, რომელიც ყოველდღე მაღაზიაში შედის და ხედავს, რომ მისი შემოსავალი საჭიროებებს ვეღარ სწვდება.

ჩვენი გაჩუმება თქვენი პრობლემების გადაწყვეტა ვერ იქნება", - თქვა დეპუტატმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები