მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ადამიანის უფლებების კრიზისული მდგომარეობა ახალ ნიშნულზე გადავიდა - საია ტროტუარზე პროტესტის გამო დაკავებაზე

საია

ტროტუარზე პროტესტის გამო დაკავებული მოქალაქეების საკითხს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) ეხმაურება.

ორგანიზაციის განცხადებით, დღეს, 2026 წლის 23 იანვარს, ადამიანის უფლებების კრიზისული მდგომარეობა ახალ ნიშნულზე გადავიდა, როდესაც საქართველოს მოქალაქეები (დიმიტრი ჯამბურია, მიხეილ ზაქარეიშვილი, სანდრო მეგრელიშვილი, ნათია ჭავჭანიძე, ნუკრი კაკულია, ლუკა ნაგლიაშვილი, ანი ახმეტელი) საფეხმავლო გზაზე (ტროტუარზე) პროტესტის გამო სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო. აღნიშნული გადაწყვეტილება, ფაქტობრივად, შეკრების თავისუფლებას იმთავითვე შეზღუდულ უფლებად აქცევს, შინაარსს აცლის მის ფუნდამენტს და არის ცალსახად ანტიკონსტიტუციური.

"შეკრების თავისუფლება, როგორც აზრის გავრცელების საშუალება, დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საფუძველია. მშვიდობიანი შეკრების უფლება ფუნდამენტური შესაძლებლობაა, ინდივიდებმა, მიუხედავად მათი სტატუსისა, გამოხატონ შეხედულებები და პროტესტი სხვადასხვა საკითხის მიმართ, გააკრიტიკონ, წარადგინონ ალტერნატიული მოსაზრებები. შეკრებების დროს არსებითად მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი და სხვა სივრცეების ლეგიტიმური გამოყენება და რადგან ამას შეიძლება, თავისი ბუნებით, ჩვეულებრივი ცხოვრების რითმის გარკვეული დონის შეფერხება მოჰყვეს, ნებისმიერი შეზღუდვის დაწესება ინტერესთა ბალანსის მკაცრ ტესტს უნდა გადიოდეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სასამართლოს პრაქტიკა, ასეთი ანტიკონსტიტუციური ადამიანის უფლებათა პოლიტიკის გატარებისას, მიუთითებს, როგორც ინდივიდუალური აქტივისტების მიმართ რეპრესიებზე, ასევე, მიზნად ისახავს დემონსტრაციების გამართვის შესაძლებლობებზე მსუსხავი ეფექტის ქონასაც. ასეთმა პრეცედენტებმა შეუქცევადად შეიძლება დააზიანოს, არამხოლოდ, ინდივიდუალური უფლებები, არამედ დემოკრატიული საზოგადოების ფუნდამენტური საყრდენები", - წერია საია-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ვრცლად ამ თემაზე: ტროტუარზე პროტესტისთვის სასამართლომ 5 პირს პატიმრობა შეუფარდა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები