უმდიდრესი ინდოელი ბიზნესმენის, გაუტამ ადანის მფლობელობაში არსებულმა საინვესტიციო ჰოლდინგმა, Adani Group-მა ინდოეთში Heidelberg-ის ცემენტის საწარმოს და ადგილობრივი ბიზნესის ყიდვა გადაწყვიტა.
Reuters-ის ინფორმაციით, ინდური კონგლომერატი გერმანული კომპანიის აქტივებში 1.2 მილიარდ დოლარს გადაიხდის და ტრანზაქცია ნაღდი ფულის სახით განხორციელდება.
უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაციას არცერთი მხარე ოფიციალურად არ ადასტურებს, რადგან ორივე კომპანია საფონდო ბირჟაზეა წარმოდგენილი, შესაბამისად, მათ მსგავსი ტიპის ინფორმაციის გასაჯაროებასთან დაკავშირებით გარკვეული შეზღუდვები აქვთ.
ცნობისთვის გეტყვით, რომ გაუტამ ადანის ქონება 100 მილიარდ დოლარს აჭარბებს და მსოფლიოს უმდიდრესი მეწარმეების რეიტინგში ის მე-16 ადგილს იკავებს. Adani Group-ის მფლობელობაში არაერთი ქარხანა და ინდუსტრიული საწარმოა, შესაბამისად, ჰოლდინგის Heidelberg-ით დაინტერესება გასაკვირი არავისთვის არ არის.