30 ოქტომბერს, საკრედიტო-სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი შეაფასა და სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით, პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგი კვლავ უცვლელად, BB დონეზე დატოვა.
უახლეს ანგარიშს ეკონომიკის და ფინანსთა სამინისტროებში, ასევე ეროვნულ ბანკში გამოეხმაურნენ.
ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე ამბობს, რომ Fitch Ratings-ის ანგარიშში აღნიშნულია ქვეყნის ეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკის მდგრადობა, არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევებისა და მაღალი ენერგო ფასების ფონზე.
„საქართველო კვლავ ინარჩუნებს ეკონომიკური ზრდის მაღალ მაჩვენებლებს. ანგარიშის პროგნოზების თანახმად, მოსალოდნელია, რომ საშუალოვადიან პერიოდში, საქართველო იგივე რეიტინგის მქონე ქვეყნებთან შედარებით, მაღალ ეკონომიკურ ზრდას შეინარჩუნებს, რაც 2023-2025 წლებში 8%-ს აღემატებოდა. ასევე, ანგარიშში ხაზგასმულია დაბალი ფისკალური მაჩვენებლები, როგორიცაა დეფიციტი და ვალის მაჩვენებელი, მათ შორის, ის ფაქტორი, რომ საგარეო ვალი, ძირითადად, შედგება საინვესტიციო პროექტებისთვის საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიდან აღებული კონცესიური სესხებისგან. ხაზგასმულია მონეტარული პოლიტიკის და საბანკო სექტორის მდგრადობა, აღნიშნულია საგარეო სექტორის პარამეტრების გაუმჯობესება, როგორიცაა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი და რეზერვები, მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება საქართველოს საკრედიტო რეიტინგის შემდგომი გაუმჯობესებისათვის“, - განაცხადა ეკატერინე გუნცაძემ.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ განაცხადა, რომ რეიტინგის პერსპექტივის გაუმჯობესება კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სწორ მაკროეკონომიკურ პოლიტიკას. მინისტრის მოადგილის შეფასებით, Fitch-ის მიერ საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესება ასევე მეტყველებს, რომ საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა სანდოა საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიებისთვის, საქართველოს ეკონომიკის საინვესტიციო მიმზიდველობა კი დღითი დღე იზრდება.
„რეიტინგის გაუმჯობესებას ამყარებს ის შედეგები, რაც საქართველოს აქვს მაკროეკონომიკური მიმართულებით. აქვე აღსანიშნავია სწრაფი ეკონომიკური ზრდა, საერთაშორისო რეზერვების რეკორდული მაჩვენებელი და ზოგადად, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის მდგრადი შემცირება, რაც საბოლოო ჯამში, პოზიტიურად აისახა რეიტინგის პერსპექტივის გაუმჯობესებაზე.
Fitch-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 2026 წელს ზრდის მიმართულებით დააზუსტა და მიმდინარე წელს 7.5%-იან ზრდას ელოდება. ყოველივე აღნიშნული განპირობებულია საქართველოს მთავრობის სწორი ეკონომიკური ნაბიჯებით. ამ მიმართულებითაც მთავრობა აქტიურ მუშაობას აგრძელებს, რათა მომდევნო თვეებსა და წლებში შენარჩუნებულ იქნეს მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი“, - აცხადებს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე.
საქართველოს ეროვნული ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, ეკატერინე მიქაბაძემ აღნიშნა, რომ საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივის გაუმჯობესება ეროვნული ბანკის თანმიმდევრული პოლიტიკის აღიარებაა.
„საკრედიტო-სარეიტინგო კომპანია Fitch Ratings-ის მიერ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის „BB“ დონეზე შენარჩუნება, ხოლო პერსპექტივის „პოზიტიურამდე“ გაუმჯობესება ქვეყნის მაკროეკონომიკური მდგრადობისა და ეროვნული ბანკის თანმიმდევრული პოლიტიკის მნიშვნელოვანი აღიარებაა. სარეიტინგო კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს საერთაშორისო რეზერვების რეკორდულ ზრდაზე და აღნიშნავს, რომ მათი დაგროვება საქართველოს ეროვნული ბანკის სწორმა პოლიტიკამ განაპირობა. ამასთან, Fitch დადებითად აფასებს ქვეყნის საგარეო პოზიციის გაუმჯობესებას, დედოლარიზაციის ტენდენციასა და საქართველოს საბანკო სექტორის მდგრადობას“, - განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.
Fitch-ის მიერ გამოქვეყნებულ შეფასებაში აღნიშნულია, რომ საქართველო განაგრძობს ეკონომიკურ და ფისკალურ მდგრადობას. რეიტინგის პოზიტიური პერსპექტივა საერთაშორისო რეზერვების სწრაფი დაგროვებით, მიმდინარე ანგარიშის დაბალი დეფიციტითა და მაღალი ეკონომიკური ზრდით არის განპირობებული. საქართველოს რეიტინგს, ასევე, აძლიერებს განხორციელებული გონივრული ფისკალური პოლიტიკა, მთავრობის ზომიერი ვალი და სტაბილური საბანკო სისტემა. Fitch აღნიშნავს, რომ ეს ფაქტორები დაბალანსებულია გაზრდილი პოლიტიკური დაძაბულობით, ფინანსური დოლარიზაციის ჯერ კიდევ შედარებით მაღალი დონით, სახელმწიფო ვალის უცხოური ვალუტის (FC) რისკების მიმართ მაღალი მოწყვლადობით და სხვა ანალოგიურ ქვეყნებთან შედარებით სუსტი საგარეო ფინანსური პოზიციით, რაც მოიცავს შედარებით დაბალ, თუმცა გაუმჯობესებად საგარეო ბუფერებს და წმინდა საგარეო ვალის მაღალ დონეს.
























