მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Galt&Taggart-ში 2027 წელს ქვეყნის საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესებას ელიან

ლაშა ქავთარაძე

Galt&Taggart-ის ეკონომისტი ლაშა ქავთარაძე არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პირობების არსებობის შემთხვევაში, მომდევნო წელს საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდეს. მან ამის შესახებ Fitch Ratings-ის უახლეს შეფასებაზე საუბრისას, "საქმიანი დილის" ეთერში განაცხადა.

საქმე ისაა, რომ 30 ოქტომბერს, საკრედიტო-სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი შეაფასა და სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით, პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგი კვლავ უცვლელად, BB დონეზე დატოვა. ამასთან, აგვისტოში S&P-მა საკრედიტო რეიტინგი BB დონეზე დატოვა და "სტაბილური" მოლოდინი "პოზიტიურით" შეიცვალა.

ლაშა ქავთარაძემ აღნიშნა, რომ ორი სარეიტინგო სააგენტოს მიერ პერსპექტივის გაუმჯობესება პოზიტიური ნაბიჯია და ის ინდიკატორები გამოყო, რაც რეიტინგზე ახდენს გავლენას.

"მოგეხსენებათ, საინვესტიციო შკალაზე რომ გადავიდეთ, რეიტიგნი ჯერ უნდა გახდეს BB+ და შემდეგ BBB-. Fitch-ი და სხვა სარეიტინგო სააგენტოები რასაც უყურებენ, არა მარტო მაღალი ეკონომიკური ზრდა, არამედ სხვა მნიშვნელოვანი მაკროეკონომიკური ინდიკატორებია. ერთ-ერთია საერთაშორისო რეზერვების დონე, რომელიც ისტორიულ მაქსიმუმზეა და მნიშვნელოვანია, რათა ნებისმიერი საგარეო შოკიდან მომდინარე წნეხის მინიმიზაცია მოხდეს.

ჩვენთან მიმდინარე ანგარიშის ბალანსი ქრონიკულად უარყოფითია, თუმცა ამ უარყოფით დონესაც აქვს თავისი მისაღები საზღვრები და ვხედავთ, რომ მიმდინარე ანგარიშის უარყოფითი ბალანსი შემცირების ტრენდით ხასიათდება პოსტპანდემიურ პერიოდში. ისტორიული მინიმუმი იყო შარშან და წელსაც მოსალოდნელი არის კიდევ უფრო გაუმჯობესებული მაჩვენებელი. ეს თვითონ Fitch-ის პროგნოზებშიც ჩანს და ეს იყო მეორე მნიშვნელოვანი ინდიკატორი, რომელმაც პრეპექტივის პოზიტიურად გადახედვა განაპირობა.

ასევე არის სხვა ინდიკატორები, როგორიც არის დოლარიზაციის მაჩვენებლები. მიუხედავად იმისა, რომ BB მედიანის ქვეყნებთან შედარებით ცოტა მაღალია, მნიშვნელოვანი შემცირების ტენდენცია არის როგორც მთავრობის ვალის კუთხით, ასევე დეპოზიტების დოლარიზაციის ტენდენციაში. მაგალითად 2025 წლის იანვარს თუ შევადარებთ მიმდინარე პერიოდს, 10 პროცენტული პუნქტით არის გაუმჯობესებული და ისტორიულ მინიმუმზეა ახლა დეპოზიტების დოლარიზაცია, რომელიც არის 43%.

ასევე მნიშვნელოვანი ინდიკატორი არის ბიუჯეტის დეფიციტი, რომელიც შარშან 1.4% იყო, წელს იგივე დონეზე იქნება ფაქტობრივად და მომავალ წელსაც იმ ზღვარში იქნება შენარჩუნებული, რაც რეიტინგის გაუმჯობესებაში უწყობს ხელს.

ის პროგნოზები, რასაც Fitch-ი აკეთებს როგორც ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით, ისე ამ ინდიკატორებთან დაკავშირებით, თუ რამე სხვა არ მოხდა (გეოპოლიტიკურად ან ა.შ.), დიდი ალბათობაა, რომ გაისად რეიტინგის გაუმჯობესება ვიხილოთ", - ამბობს ეკონომისტი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები