აზიის განვითარების ბანკმა (ADB), როგორც წამყვანმა ინვესტორმა, 15 მილიონი აშშ დოლარის ($) ინვესტირება განახორციელა სააქციო საზოგადოება ბაზისბანკის (ბაზისბანკი) სამწლიან მდგრად ობლიგაციებში. ეს საქართველოში კომერციული ბანკის მიერ გამოშვებული პირველი სერტიფიცირებული მდგრადი ობლიგაციაა და ის მწვანე და სოციალურ პროექტებს დააფინანსებს.
ADB-ის ინვესტიცია ბაზისბანკის $20 მილიონიანი ობლიგაციის ნაწილია. გამოშვებული ობლიგაციების დანარჩენ წილს კერძო ინვესტირები დააფინანსებენ. ობლიგაცია თანხვედრაშია საერთაშორისო კაპიტალის ბაზრის ასოციაციის მდგრადი ობლიგაციების გზამკვლევის მდგრადი ობლიგაციების ჩარჩო ხელშეკრულებასთან და დამტკიცებულია Det Norske Veritas-ის მიერ. გამოშვება მოხდა თიბისი კაპიტალისა და გალტ&ტაგარტის ორგანიზებით.
მდგრადი ობლიგაციები განკუთვნილია გარემოსდაცვითი და სოციალური სარგებლის მომტანი პროექტების დასაფინანსებლად. ის აერთიანებს მწვანე ობლიგაციების პრინციპებს, რომლებიც გარემოსდაცვით პროექტებს აფინანსებს და სოციალური ობლიგაციების პრინციპებს, რომელთა ვალდებულება სოციალური სარგებლის მომტანი პროექტების დაფინანსებაა.
“მდგრადი ობლიგაციები ხელს უწყობს განვითარებად ქვეყნებში ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესებასა და მდგრადი და ინკლუზიური ზრდის მიზნების მიღწევას, კერძო სექტორის ჯანსაღი კაპიტალის მართვის ხელშეწყობით,” განაცხადა ADB-ის კერძო სექტორის დეპარტამენტის გენერალურმა დირექტორმა სიუზან გაბურიმ. “ეს ტრანზაქცია გააღრმავებს საქართველოს კაპიტალის ბაზარს საერთაშორისო სტანდარტების თემატურ ბონდებზე ცოდნის გავრცელებითა და მწვანე და სოციალური პროექტების დაფინანსებით.”
საქართველომ ახლახანს განაახლა პარიზის შეთანხმების ფარგლებში მისი ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილი. ქვეყანამ მიზნად დაისახა სათბური აირების შემცირება, რამაც 2030 წელს 1990 წელს არსებულ მაჩვენებელზე 35%-ით ნაკლები უნდა შეადგინოს. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კომერციულ ბანკებს მათ გარემოსდაცვით და სოციალურ საქმიანობაზე მდგრადი დაფინანსების ტაქსონომიის ანგარიშგება მოთხოვა. კლიმატის ცვლილების დაფინანსება ფინანსური ინსტიტუტების მეშვეობით მთავრობის პრიორიტეტია ეკონომიკის ყველა დარგში.
„ბაზისბანკი არის და ყოველთვის იქნება მდგრადი დაფინანსების ძლიერი მხარდამჭერი,“ განაცხადა ბაზისბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით ცაავამ. „ეს ტრანზაქცია ნათლად აჩვენებს, რომ ADB და ბაზისბანკი საქართველოში მდგრადი განვითარების მიზნებს იზიარებენ.“
ბაზისბანკი საქართველოში სიდიდით მეოთხე ბანკია და ლიდერია მცირე და საშუალო მეწარმეობის დაფინანსებაში. ბანკი 2,684 მილიონი ლარის ოდენობის სასესხო პორტფელს მართავს და 39 ფილიალით საქართველოში დაახლოებით 200,000 მომხმარებელს ემსახურება.
ADB-ის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი.