მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველოს მასშტაბით, ელექტრომობილებისთვის დამატებით 70 დამტენს დავაყენებთ"- "თეგეტა ჰოლდინგი"

64b39082a8806
სალომე ხიდურელი
16.07.23 22:20
985
კომპანია „თეგეტა ჰოლდინგმა“ პირველად საქართველოს კაპიტალის ბაზარზე, 20 მლნ ლარის მწვანე ობლიგაციები განათავსა და რეგიონში საავტომობილო ინდუსტრიიდან პირველი ემიტენტი გახდა. მწვანე ობლიგაციების ინვესტორები კი მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტი - აზიის განვითარების ბანკი (ADB) და TBC Capital-ი არიან. საკითხზე, თუ რას მოხმარდება მწვანე ბონდების განთავსებით მიღებული სახსრები, BMGTV-ს გადაცემა „Forbes კვირას“ ეთერში, „თეგეტა ჰოლდინგის“ ინვესტორებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მანანა ხინაშვილი საუბრობს.

„მოგეხსენებათ, „თეგეტა“ ძლიერია კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობების კუთხით და ჩვენთვის არც ESG (Environmental, social, and governance) ინიციატივებია უცხო. ამიტომ გვინდოდა, მწვანე ობლიგაციები ქართული ბაზრისთვისაც გაგვეცნო. ADB-ის მხარდაჭერით, რომლისთვისაც ასევე ღირებულია მწვანე ინიციატივებში ინვესტირება, ამ 20 მლნ-დან ყველა გამოყენების საშუალება მათთან შეთანხმებითა და ჩვენი სამომავლო სტრატეგიის ხელშეწყობისთვის მოხდება.

სტატუსი, გვქონდეს მწვანე ობლიგაციები, დამატებითი ვალდებულებების მომტანია, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ეს პროცესი ჩვენი სამომავლო და მიმდინარე სტრატეგიების ნაწილია, ჩვენი ბრენდები უმეტესწილად მიისწრაფვიან ელექტრო, ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის ქონისკენ და ჩვენს ფეხდაფეხ მივყვებით მათ გადაწყვეტილებას, დამატებითი ვალდებულება ჩნდება იმ ნაწილში, რომ სრულად ემისიის შედეგად მიღებული სახსრები ნულოვანი სათბურის აირების ემისიის მქონე ტრანსპორტის დაფინანსებას მოხმარდება. გარდა ამისა, საქართველოს მასშტაბით, სრულიად უსასყიდლოდ, დამატებით 70 ელექტრო დამტენს დავაყენებთ“, - ამბობს მანანა ხინაშვილი.

წამყვანის კითხვაზე, პროცედურულად რა განასხვავებს მწვანე ობლიგაციების განთავსებას სტანდარტული ბონდებისაგან, TBC Capital-ის საინვესტიციო საბანკო საქმიანობის ვიცე პრეზიდენტი თინა სიმონიშვილი პასუხობს, რომ მიუხედავად დამატებითი ნაბიჯებისა, ორივე შემთხვევაში პროცესი, დაახლოებით, ერთ დროსა და ძალისხმევას მოითხოვს.

„მომზადების კუთხით, მწვანე ობლიგაციების განთავსებას რამდენიმე ნაბიჯი ემატება. კერძოდ, კომპანიამ პირველ რიგში უნდა ჩამოაყალიბოს სტრატეგია და განსაზღვროს, რა შეიძლება იყოს მწვანე მიზნობრიობა ამ ობლიგაციებისთვის. შემდგომში უკვე მწვანე ობლიგაციების ჩარჩოზე მუშაობს ორგანიზაცია, რაც საკმაოდ შრომატევადი და მნიშვნელოვანი პროცესია. ამის შემდეგ უკვე იწყება მუშაობა ემორე მხარის მოსაზრებაზე, როდესაც დამოუკიდებელი მხარე მის ჩარჩოსა და საერთაშორისო სტანდარტთან შესაბამისობას აფასებს“, - ამბობს თინა სიმონიშვილი და დასძენს, რომ, ეფექტური მუშაობით, მწვანე ობლიგაციების განთავსება პროცესის დაწყებიდან 3 თვის ვადაშია შესაძლებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები