აზიის განვითარების ბანკმა (ADB) დაამტკიცა კაპიტალის გამოყენების გეგმა, რომელიც მომავალი ათი წლის განმავლობაში საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის საკრედიტო ოპერაციებს 50%-ით ზრდას ისახავს მიზნად. თუკი 2024 წელს ADB-იმ 24 მილიარდი დოლარის პროექტები დააფინანსა, 2034 წლისთვის ეს მაჩვენებელი 36 მილიარდამდე გაიზრდება.
ADB-ის პრეზიდენტმა, მასაცუგუ ასაკავამ, განაცხადა, რომ ახალი სტრატეგია ზრდის ფინანსურ რესურსებს წევრი სახელმწიფოებისთვის მნიშვნელოვანი ინვესტიციებისთვის.
ახალი სტრატეგია მომდევნო წლებში ითვალისწინებს სასესხო ვალდებულებების ზრდას, ამასთან თუკი ბანკის დაფინანსებაში კერძო სექტორის პროექტებზე 20% მოდიოდა, ახლა ის 27%-მდე გაიზრდება.
ADB-ის მიერ გამოქვეყნებული გეგმის თანახმად, ბანკის მიზანია 2030 წლისთვის კლიმატის დაფინანსების წილის 50%-მდე გაზრდა და კერძო სექტორის დაფინანსების $13 მილიარდამდე გაზრდა.
ADB საქართველოსთვის უმსხვილეს დონორ ორგანიზაციად იქცა, რომლის მიმართ საკრედიტო ვალდებულებები 2.2 მილიარდ დოლარს აჭარბებს. 2024 წელს აზიის განვითარების ბანკმა ყოველწლიურ შეხვედრას თბილისში უმასპინძლა.




























