მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ADB-იმ GWP-ის მფლობელი კომპანიის მწვანე ობლიგაციებში $40-მილიონიანი ინვესტიცია განახორციელა

adb

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) 40 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირება განახორციელა სს Georgia Global Utilities-ის (GGU) მიერ გამოშვებულ ობლიგაციებში. სერტიფიცირებული მწვანე ობლიგაციების, საქართველოს კერძო კორპორაციის მიერ გამოშვებული ყველაზე მსხვილი ობლიგაციების, მიზანია თბილისსა და მიმდებარე მუნიციპალიტეტებში წყლის სისტემის გაუმჯობესება, მიწისზედა და მიწისქვეშა წყლის რესურსების კლიმატის ცვლილებისადმი მედეგობის გაზრდა.

დაფინანსება გულისხმობს $20 მილიონ სავალო ინვესტიციას ADB-ის ჩვეულებრივი კაპიტალური რესურსებიდან და $20 მილიონის ინვესტირებას აზიის კერძო სექტორის ინფრასტრუქტურის წამყვანი ფონდი 2-დან, რომელსაც ADB იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო (JICA) მართავს. ინვესტიცია GGU-ს მიერ განთავსებული ხუთწლიანი $300 მილიონიანი ობლიგაციის ნაწილია. შემოსული თანხა მოხმარდება თბილისსა და მის შემოგარენში წყალმომარაგების ქსელის განახლებას, რაც 1.4 მილიონამდე მცხოვრებს სასმელი წყლით უზრუნველყოფს. ობლიგაციის გამოშვებაში ასევე მონაწილეობას იღებდნენ გერმანიის საინვესტიციო კორპორაცია, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი და საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია.

„ADB-ის წამყვანი ინვესტიცია GGU-ს მწვანე ობლიგაციებში გააძლიერებს საქართველოს კაპიტალის ბაზრის მიმართ საერთაშორისო ნდობას და გაზრდის ქვეყნის კლიმატმედეგობას,“ განაცხადა ADB-ის კერძო სექტორის ოპერაციების გენერალურმა დირექტორმა სიუზან გაბურიმ. “ეს ინვესტიცია FCC Aqualia-სთან ახალი თანამშრომლობის დასაწყისია და განამტკიცებს ჩვენს ურთიერთობას სს საქართველოს კაპიტალთან. ADB მხარს უჭერს განვითარებად წევრ ქვეყნებში შიდა და უცხოური კერძო კაპიტალის მობილიზებას მოგებიანი და შედეგიანი განვითარების პროექტების განსახორციელებლად.”

ADB 2019 წლიდან უძღვება საქართველოში გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობის (ESG) თემატიკის ობლიგაციების ბაზრის განვითარებას. ADB გადამწყვეტი როლი აქვს შესრულებული მსხვილი ტრანზაქციების განხორციელებაში, როგორიცაა, პირველი და ყველაზე მსხვილი მწვანე, გენდერული და მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაციები აშშ დოლარსა და ადგილობრივ ვალუტაში. GGU-ს მწვანე ობლიგაცია სერტიფიცირებულია Det Norske Veritas-ის მიერ და შეესაბამება კაპიტალის ბაზრების ასოციაციის მწვანე ობლიგაციების პრინციპებს. მწვანე ობლიგაციები იმ პროექტების დასაფინანსებლად გამოიყენება, რომელთაც წვლილი შეაქვთ კლიმატის მიზნების მიღწევაში.

"GGU-ს მწვანე ობლიგაციის მიზანია მსხვილი ინვესტიციების დაფინანსება, რაც გააუმჯობესებს საქართველოს მოსახლეობის წვდომას სუფთა სასმელ წყალზე და ხელს შეუწყობს კლიმატის ცვლილების უარყოფით შედეგებთან ქვეყნის ადაპტაციას,” განაცხადა FCC Aqualia S.A.-ს ფინანსურმა დირექტორმა ისიდორო მარბანმა. “ეს გამორჩეული ტრანზაქცია ხელს უწყობს მდგრად ფინანსურ ინსტრუმენტებს და სტანდარტებს საქართველოსა და კავკასიაში. ADB-ის მხარდაჭერის მადლობელი ვართ და ველოდებით მომავალში თანამშრომლობის გაგრძელებას კლიმატის ინვესტიციების მიმართულებით.”

ADB-ის 2011 წლიდან დღემდე $800 მილიონის ინვესტიცია აქვს განხორციელებული საქართველოს წლის სექტორში, რაც ქვეყნის კლიმატმედეგობის გაზრდას უწყობს ხელს. GGU-ს მფლობელია შპს Aqualia Georgia და სს საქართველოს კაპიტალი, ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მრავალფეროვანი საინვესტიციო კომპანია. შპს Aqualia Georgia წამყვანი ესპანური წყლის კომპანიის FCC Aqualia S.A.-ს შვილობილია, რომელიც 18 ქვეყანაში ოპერირებს.

LEAP 2 ADB-ის მიერ მართული ფონდია, რომელსაც JICA $1.5 მილიარდით აფინანსებს. ფონდის მიზანია მდგრადი კერძო სექტორის ინფრასტრუქტურის პროექტების ხელშეწყობა, რომლებიც ამცირებენ ნახშირბადის გამოყოფას, აუმჯობესებენ ენერგოეფექტურობას და ხელმისაწვდომს ხდიან ჯანდაცვას, განათლებასა და კომუნიკაციის სერვისებს ბანკის წევრი განვითარებადი ქვეყნებისთვის. LEAP 2-ის ინვესტიცია GGU-ს მიერ გამოშვებულ ობლიგაციებში რიგით მეორეა, 2023 წლის დეკემბერში ფონდის ფინანსური სახსრების შევსების შემდეგ.

ADB-ის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები