აზიის განვითარების ბანკმა (ADB) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდს მიანიჭა უფლება ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტებისათვის ნებისმიერი სახის შესყიდვა განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობისა და პროცედურების მიხედვით. შესაბამისად, ამ შემთხვევაში ფონდს საერთაშორისო ტენდერების გამოცხადება არ მოუწევს.
აღნიშნული უფლების დამადასტურებელი სერტიფიკატი აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა მასაცუგუ ასაკავამ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძეს და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ დავით ტაბიძეს პირადად გადასცა.
აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის დირექტორის, იუჯინ ჟუკოვის თქმით, ბანკის პარტნიორ ქვეყნებს შორის საქართველო არის პირველი ქვეყანა და მუნიციპალური განვითარების ფონდი - პირველი უწყება, რომელიც ისარგებლებს ბანკისგან მიღებული ამ განსაკუთრებული უფლებით.
"მუნიციპალური განვითარების ფონდი არის ჩვენი ყველაზე მნიშნელოვანი პარტნიორი საქართველოში და კლიენტი 2008 წლიდან. ფონდი გახდა ამ უფლებით მოსარგებლე პირველი უწყება აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში. ჩვენ დავრწმუნდით, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდის შიდა წესები და პროცედურები იმდენად ძლიერია, რომ მათ შეუძლიათ ბევრად უფრო ეფექტურად განახორციელონ შესყიდვები დამოუკიდებლად, შიდა პროცედურების მიხედვით. ვულოცავ მათ ამ წარმატებას,“- აღნიშნა იუჯინ ჟუკოვმა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის თქმით, აზიის განვითარების ბანკის გადაწყვეტილება უპრეცედენტოა და წარმოადგენს სამინისტროსთან და ფონდთან მრავალწლიანი თანამშრომლობის შედეგს.
აზიის განვითარების ბანკი დღეისთვის (ADB) საქართველოს უმსხვილესი საერთაშორისო დონორი ორგანიზაციაა, 2023 წლის ოქტომბრის მდგომარეობით მის მიმართ სახელმწიფოს ვალი 2.13 მილიარდ დოლარს შეადგენს. ADB საქართველოში ძირითადად მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს აფინანსებს, ისეთებს როგორიცაა ჩრდილოეთ-სამხრეთის და აღმოსავლეთ დასავლეთის მაგისტრალები, ასევე რეგიონული განვითარების პროექტებს.