ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე თავს არიდებს „რუსულ კანონთან“ დაკავშირებულ კითხვას და აცხადებს, რომ არასახარბიელო სიტუაციის მიუხედავად, საქართველოს შეუძლია უმასპინძლოს აზიის განვითარების ბანკის 57-ე წლიურ შეხვედრას, რისი ვალდებულებაც დიდი ხნის წინ აიღო.
BMG-ის კითხვაზე, როგორია მთავრობის პოზიცია იმ ფონზე, რომ „რუსულ კანონს“ საქართველოს მოქალაქეების აპროტესტებენ და არაერთი კრიტიკული შეფასება კეთდება დასავლელი პარტნიორებისგან ქვეყნის ევროპულ მომავალთან დაშორების შესახებ, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ შემდეგი პასუხი გასცა:
„მოდი, მე ამ ნაწილში იმ კუთხით გიპასუხებთ, რომ ის ვალდებულება, რაც დღეს გვაქვს აზიის განვითარების ბანკის წინაშე, რომ ვუმასპინძლოთ 57-ე წლიურ შეხვედრას, დიდი ხნის წინ იქნა აღებული. დღეს ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ ეს ფუნქცია შევასრულოთ და საშუალება მივცეთ აზიის განვითარების ბანკს, წარმატებით გამართოს ყველა ის ღონისძიება, რაც დაგეგმილი იყო. ის ფაქტი, რომ საქართველოს შეუძლია უმასპინძლოს ამ შეხვედრას ისეთ სიტუაციაშიც, როდესაც შეიძლება არ არის ძალიან სახარბიელო ვთქვათ ქუჩაში გადაადგილების მიმართულებით თუ ასე შემდეგ, ალბათ მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ ორგანიზებულად ვცდილობთ, აზიის განვითარების ბანკის წლიური შეხვედრა წარმატებით გაიმართოს“,- თქვა ეკატერინე გუნცაძემ ჟურნალისტებთან.
ცნობისთვის, საქართველო აზიის განვითარების ბანკის 57-ე წლიურ შეხვედრას მასპინძლობს. არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიასაშუალებების ნაწილი აზიის განვითარების ბანკს მიმართავენ, წლიური შეხვედრის ფარგლებში გამოხატონ პოზიცია ხელისუფლებასთან და ნუ მიიღებენ მონაწილეობას საჯარო საზეიმო აქტივობებში.