გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი აზიის განვითარების ბანკის დირექტორს, მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში, ლესლი ბეარმან ლაჰმს შეხვდა.
ამის შესახებ ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა მიმდინარე პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
"შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა მიმდინარე პროექტის „კლიმატგონივრული ირიგაციის სექტორის განვითარების პროგრამა“ ფარგლებში ქვემო სამგორის მარცხენა მაგისტრალური არხის რეაბილიტაციის საკითხებზე და მის მნიშვნელობაზე.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების და პროდუქტიულობის ზრდისთვის, მელიორაცია უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა და სწორედ ამიტომ არის ის სამინისტროსთვის პრიორიტეტი. ნებისმიერი პროექტის განხორციელების დროს კი, შესრულებული სამუშაოს ხარისხთან ერთად, მნიშვნელოვანია პროექტის ვადების მკაცრი დაცვა.
აზიის განვითარების ბანკის დირექტორის განცხადებით, როგორც სოფლის მეურნეობის, ისე გარემოსდაცვითი მიმართულებით მრავალწლიანი ეფექტიანი თანამშრომლობის საფუძველზე, ბანკის მხრიდან არსებობს ახალი პროექტების დაწყების ინტერესი", - აღნიშნულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესრელიზში.
ცნობისთვის, ADB საქართველოში არაერთ სექტორში არაერთი პროექტის დამფინანსებელია. მათ შორისაა სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები.