საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის 2017 წლის 19 ივნისს გაფორმებული "მეორადი გზის გაუმჯობესების პროექტი" ცვლილებებს განიცდის. პროექტის ფარგლებში დაგეგმილი იყო ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის 50-კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია, თუმცა პროექტის ერთ-ერთი მონაკვეთი – მოლითი-ჩუმათელეთის 25-კილომეტრიანი გზა (ლოტი 2) – საბოლოოდ სესხიდან ამოიღეს.
კრედიტის მთლიანი მოცულობა 80 მილიონი აშშ დოლარით იყო განსაზღვრული, საიდანაც ჯერ 36.2 მილიონის გაუქმების შესახებ გაფორმდა შეთანხმება, ამჟამად კი დამატებით 18.4 მილიონის გაუქმების შესახებ მოხდა შეთანხმება - ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს მიერ პარლამენტში გაგზავნილი განმარტებითი ბარათიდან ხდება ცნობილი. გზის აღნიშნულ მონაკვეთს წარსულში აზერბაიჯანული სამშენებლო კომპანია Akkord-ი აშენებდა, რომელმაც ვალდებულებები არ შეასრულა, ხოლო მისი ჩამნაცვლებელი კომპანიამ მთავრობამ ამ დრომდე ვერ მოძებნა.
პროექტის მთავარი მიზანი ხარაგაულის მუნიციპალიტეტთან და აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის დაკავშირება იყო. ამასთან, აღნიშნული გზა თავად რიკოთის მაგისტრალის ალტერნატიულ გზას წარმოადგენს. როგორც ფინანსთა სამინისტრო განმარტავს, გზის მეორე ლოტზე გამოცხადებული საერთაშორისო ტენდერები ორჯერ ჩავარდა, რის გამოც საბოლოოდ, საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, ეს მონაკვეთი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დააფინანსოს, ხოლო აზიის განვითარების ბანკის სესხი ნაწილობრივ გაუქმდება.
შეგახსენებთ, მოლითი-ჩუმათელეთის მონაკვეთის რეაბილიტაციისთვის თავდაპირველად კონტრაქტი აზერბაიჯანულ კომპანიას "Akkord Industry Construction Investment Corporation"-ს გადაეცა. თუმცა, კომპანიამ ვერ შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები, რის გამოც 2021 წელს კონტრაქტი შეწყდა. ამის შემდეგ, 2022 წელს გამოცხადდა ახალი ტენდერი, რომელიც ორჯერ ჩაიშალა. ტენდერის ჩავარდნის მიზეზებად სამინისტროს მხრიდან სახელდება დაბალი კონკურენცია და სატენდერო წინადადებების ბიუჯეტთან შეუსაბამობა.
მიუხედავად იმისა, რომ პროექტის პირველი ლოტი (ძირულა-მოლითი) დასრულებულია, მოლითი-ჩუმათელეთის მონაკვეთი ჯერ კიდევ სარეაბილიტაციო მდგომარეობაშია.