ქობულეთის შემოვლითი გზის ოთხზოლიან მაგისტრალად მოდერნიზების სამუშაოების ზედამხედველი კომპანიის შესარჩევად საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა. აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ გამოქვეყნებული სატენდერო ინფორმაციის მიხედვით, საკონსულტაციო მომსახურების სავარაუდო ბიუჯეტი 20.67 მილიონი აშშ დოლარია, ხელშეკრულების ხანგრძლივობა კი, ხარვეზების გამოსწორების პერიოდის ჩათვლით, 108 თვეს შეადგენს.
დაინტერესებულმა კომპანიებმა ინტერესის გამოხატვა 2026 წლის 10 დეკემბრამდე უნდა შეძლონ. კონსულტანტის შერჩევა ხარისხისა და ფასის გათვალისწინებით მოხდება. პროექტის განმახორციელებელი უწყება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტია, პასუხისმგებელი უწყება კი ინფრასტრუქტურის სამინისტრო.
შერჩეული კომპანია ქობულეთის შემოვლითი გზის მოდერნიზების ორ მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობას განახორციელებს. პროექტი ითვალისწინებს არსებული ორზოლიანი გზის ოთხზოლიან მაგისტრალად გადაკეთებას. საავტომობილო გზების დეპარტამენტის სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, პროექტის საერთო სიგრძე დაახლოებით 31.3 კილომეტრია და ორ ლოტად იყოფა: პირველი მოიცავს 13-კილომეტრიან, ხოლო მეორე დაახლოებით 18-კილომეტრიან მონაკვეთს.
პირველ მონაკვეთზე, რომელიც შეკვეთილის დასახლებიდან ოჩხამურთან ახლოს მდებარე ტერიტორიამდე ვრცელდება, სამი ესტაკადაა გათვალისწინებული. მეორე მონაკვეთი ოჩხამურის მიმდებარე ტერიტორიიდან ჭაქვის გვირაბებამდე მიდის. პროექტი ამ მონაკვეთზე ორი ახალი გვირაბის მშენებლობასაც ითვალისწინებს, რომლებიც არსებულ გვირაბებს პარალელურად განლაგდება. ორივე მონაკვეთისთვის საპროექტო სიჩქარე საათში 120 კილომეტრია.
ზედამხედველი კომპანიის მოვალეობებში შევა საპროექტო დოკუმენტაციის ტექნიკური განხილვა, მშენებლობის ხარისხისა და ვადების კონტროლი, კონტრაქტორების საქმიანობის მონიტორინგი, ასევე გარემოსდაცვითი, შრომის უსაფრთხოებისა და სოციალური მოთხოვნების შესრულების შემოწმება. კონსულტანტმა უნდა აკონტროლოს ხარჯები და სამუშაოების პროგრესი, შეაფასოს შესაძლო შეფერხებები და მონაწილეობა მიიღოს ხელშეკრულებებთან დაკავშირებული საკითხების მართვაში. დოკუმენტაცია ასევე ითვალისწინებს სამშენებლო პროცესის მონიტორინგს ციფრული სამშენებლო მოდელების, BIM ტექნოლოგიის გამოყენებით.
სამშენებლო სამუშაოების ხანგრძლივობა პირველ ლოტზე 36 თვე, ხოლო მეორე ლოტზე 48 თვე იქნება. ორივე მონაკვეთზე ხარვეზების შეტყობინებისა და გამოსწორების პერიოდი 60 თვეს შეადგენს. შესაბამისად, ზედამხედველი კომპანიის მომსახურება მშენებლობის დასრულების შემდეგაც გაგრძელდება.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პროექტთან დაკავშირებით უკვე გაიმართა საკონსულტაციო შეხვედრა, რომელზეც დაინტერესებულ მხარეებს დაგეგმილი სამუშაოების შესაძლო გარემოსდაცვითი და სოციალური ზემოქმედების, ასევე მიწის შესყიდვისა და განსახლების საკითხების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.
პროექტის მიზანია ქობულეთის შემოვლით გზაზე გამტარუნარიანობის გაზრდა, საცობებისა და ავტოსაგზაო შემთხვევების რისკის შემცირება, მგზავრობის დროისა და სატრანსპორტო ხარჯების შემცირება.
ქობულეთის შემოვლითი მაგისტრალის 4-ზოლიანად მოდერნიზების სამი ალტერნატივა, რომელთაგან უპირატესობა მეორე ალტერნატივას მიენიჭა:

























