მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ADB-მ ვაზიანის აეროპორტის განვითარების გენგეგმის შემუშავებისთვის ტენდერი გამოაცხადა - დეტალები

თბილისის აეროპორტი ვაზიანის აეროპორტი

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის გენერალური განვითარების გეგმის შემუშავების შესყიდვასთან დაკავშირებით ტენდერი გამოაცხადა.

როგორც თავად ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ADB ცდილობს დაიქირაოს სპეციალიზებული საავიაციო საკონსულტაციო კომპანია, რომელიც შეიმუშავებს აეროპორტის გენერალურ გეგმას ახალი საერთაშორისო აეროპორტისთვის. გენერალური გეგმის მიზნობრივი პერიოდი მოიცავს 30 წელს, რამაც უნდა უზრუნველყოს პროგნოზირებული მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილება.

ვაზიანის აეროპორტის გენერალური განვითარების გეგმის შესამუშავებლად საკონსულტაციო კომპანიის ტენდერის სახით შერჩევის პროცესის ადმინისტრირებას და პროექტის 50%-იან თანადაფინანსებას ADB-თან ერთად, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება (UAG) განახორციელებს.

თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა იგეგმება ვაზიანის სამხედრო ბაზის ადგილზე, რომელიც მდებარეობს თბილისის ცენტრიდან დაახლოებით 28 კილომეტრში და არსებული თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 8 კილომეტრში.

პროექტი დაყოფილია ორ ფაზად და ვითარდება 500 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე. ADB ყველა ფაზის განვითარების და დასრულების საბოლოო ვადად 2050 წელს უთითებს. პირველი ფაზა, რომელიც მიზნად ისახავს დასრულებას 2029 წლისთვის, მოიცავს აეროპორტის მშენებლობას წლიური 10 მილიონი მგზავრის ტევადობით. შემდგომში, მეორე ფაზა გააორმაგებს ამ გამტარუნარიანობას ყოველწლიურად 20 მილიონ მგზავრამდე. ეს პროექტი წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს რეგიონული საავიაციო ლანდშაფტის გაუმჯობესებისკენ, გაზრდილი შესაძლებლობებისა და თანამედროვე საშუალებების შეთავაზებით.

აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის განცხადებით, ტენდერში მონაწილეობის მიღების საშუალება ყველა საავიაციო-საკონსულტაციო კომპანიას აქვს. ირაკლი ქარქაშაძის განმარტებით, ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ADB და სახელმწიფო კომპანია თანაბრად ინაწილებენ ტენდერის ხარჯებს.

,,მოცემული მომენტისთვის საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ჩაატარა არაერთი წინასწარი, ტექნიკური თუ სხვა ტიპის კვლევა, რომელიც დაკავშირებული იყო თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის განვითარებასთან. მივედით იმ ფაზაზე, როცა დეტალური, სრულფასოვანი გენერალური განვითარების გეგმა არის საჭირო. ჩვენ ADB-სთან თანამშრომლობით ჩავატარეთ ბაზრის კვლევა, გვქონდა წინასწარი შეხვედრები მათ შორის, ონლაინ კონფერენცია, რომელსაც ესწრებოდა 35-მდე ყველაზე მსხვილი საერთაშორისო საავიაციო საკონსულტაციო კომპანია. დაინტერესება არის ძალიან დიდი. მოლოდინი გვაქვს, რომ საკმაოდ ბევრი განაცხადი შემოვა, რომელთაგან ავარჩევთ საუკეთესოს და ყველაზე დიდი გამოცდილების მქონე კომპანიას. უახლოეს პერიოდში ჩვენ გვექნება განვითარების დეტალური გენერალური გეგმა, რაც შესაძლებლობას მოგვცემს დავიწყოთ ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობას - ‘’, განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

სატენდერო პროცესი ორ ეტაპად გაიმართება, პირველი ეტაპით კომპანიებს შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოსადგენად ეძლევათ ორ კვირიანი ვადა. ტენდერის მეორე ეტაპი გულისხმობს პირველი ეტაპის შეფასების საფუძველზე შერჩეული კომპანიებისაგან დეტალური ტექნიკური შეთავაზების მიღებას. რისი შეფასების შედეგადაც გამოვლენილი იქნება ტენდერში გამარჯვებული კომპანია. ტენდერის საფუძველზე გამარჯვებული კომპანიის გამოვლენის საორიენტაციო ვადაა 2024 წლის ივლისი.

აზიის განვითარების ბანკის ტექნიკური დახმარების პროგრამის (TA) 6707-GEO ფარგლებში, სატრანსპორტო სექტორის ეფექტიანი განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ADB-მ მზაობა გამოთქვა ჩართულიყო თბილისის ახალი აეროპორტის განვითარების პროცესში, რის პირველ მნიშვნელოვან ეტაპსაც წარმოადგენს გენერალური განვითარების გეგმის შემუშავება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები