საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტის გენერალური გეგმის (Master Plan) მომზადებაზე შესყიდვის პროცედურა გამოაცხადა. ტექნიკური დავალების მიხედვით, აეროპორტის დაგეგმვისას გათვალისწინებული უნდა იყოს ახალი სარკინიგზო ხაზისა და მეტროს შესაძლო კავშირებისთვის საჭირო დერეფნები.
კერძოდ, სატენდერო დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ აეროპორტის სახმელეთო ინფრასტრუქტურის დაგეგმვა უნდა მოიცავდეს საავტომობილო გზების ქსელს, საზოგადოებრივი ტრანსპორტის კვანძებსა და პარკინგს. ამასთან, გენერალურ გეგმაში უნდა გაითვალისწინონ და დაარეზერვონ დერეფნები ახალი სარკინიგზო ხაზისა და მეტროს პოტენციური კავშირებისთვის.
საყურადღებოა, რომ დოკუმენტაცია არ განსაზღვრავს რკინიგზისა და მეტროს პროექტების კონკრეტულ მარშრუტებს, ვადებს ან მშენებლობის გადაწყვეტილებას. საუბარია აეროპორტის გენერალური გეგმის ფარგლებში შესაბამისი სატრანსპორტო კავშირების განვითარების შესაძლებლობის გათვალისწინებაზე.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება დღგ-ის გარეშე 1 563 265 ლარია, რაც 550 000 ევროს ეკვივალენტს წარმოადგენს. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების შესყიდვების კომისიის ოქმის მიხედვით, ბაზრის კვლევის ფარგლებში შეთავაზება 15 კომპანიას გაეგზავნა, სრულყოფილი ფასის შეთავაზება კი სამმა კომპანიამ წარადგინა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულებად მათ შორის ყველაზე დაბალი ფასი განისაზღვრა. თავად ტენდერში წინადადებების წარდგენა კი კომპანიებს 7-9 დეკემბრის მონაკვეთში შეეძლებათ.
ტექნიკური დავალების მიხედვით, გენერალურმა გეგმამ აეროპორტის განვითარების 30-50-წლიანი პერსპექტივა უნდა მოიცვას, საბოლოო გამტარუნარიანობა კი წელიწადში 20 მილიონით ან მეტი მგზავრით განსაზღვროს. დოკუმენტი უნდა მოიცავდეს აეროდრომის, სამგზავრო ტერმინალის, სატვირთო ინფრასტრუქტურის, ტექნიკური მომსახურების ობიექტებისა და სახმელეთო მისასვლელების დაგეგმვას. კონსულტანტმა აეროპორტის განლაგების სულ მცირე, სამი ალტერნატიული ვარიანტი უნდა შეიმუშავოს.
მომსახურების შესრულების ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს ექვსი კალენდარული თვეა.
ვაზიანში ახალი საერთაშორისო აეროპორტის პროექტთან დაკავშირებით მთავრობა კვლევებსა და კონსულტაციებს 2024 წლიდან ატარებს. ოქტომბერში ეკონომიკის მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი გერმანული საკონსულტაციო კომპანია AMD Sigma Strategic Airport Development GmbH-ის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის შუალედური ანგარიში წარადგინეს.
მთავრობის გეგმის მიხედვით, ვაზიანის აეროპორტმა ფუნქციონირება 2032 წელს უნდა დაიწყოს და წელიწადში 20 მილიონ მგზავრს მოემსახუროს.
























