მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ADB-მა "კრედო ბანკს" მცირე მეწარმეების მხარდასაჭერად, ₾120-მილიონიანი კრედიტი გამოუყო

ADB Credo

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) სს „კრედო ბანკთან“ ხელი მოაწერა 120 მილიონი ლარის სასესხო ხელშეკრულებას, რომლის მიზანია მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების დაფინანსების მხარდაჭერა. პროექტი ასევე ითვალისწინებს რეგიონებში არსებული ბიზნესების, ასევე ქალ მეწარმეთა საკუთრებაში არსებული ბიზნესების საკრედიტო დაფინანსებას.

ADB-ის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, სესხის მიზანია ადგილობრივ ვალუტაში დაფინანსების დეფიციტის აღმოფხვრა, განსაკუთრებით გრძელვადიანი პირობებით. ამავდროულად, ის შეამცირებს სავალუტო რისკებს საწარმოებისთვის და გააძლიერებს საქართველოს საბანკო სექტორის მდგრადობას.

„კრედო ბანკთან ჩვენი უწყვეტი პარტნიორობით, ADB უზრუნველყოფს, მცირე ქალაქებისა და სოფლების მოსახლეობის წვდომას დაფინანსებაზე,“ განაცხადა ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა საქართველოში ლესლი ბეარმან ლამმა. „ეს ტრანზაქცია ხელს შეუწყობს ბიზნეს შესაძლებლობების გაფართოებას საქართველოს სხვადასხვა რეგიონში და წვლილს შეიტანს ქვეყნის ეკონომიკის ზრდაში.“

ADB და კრედო ბანკი 2015 წლიდან თანამშრომლობენ, მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების, ასევე სოფლის მეურნეობაში მოქმედი ბიზნესების ფინანსური ჩართულობის გასაძლიერებლად. ბანკი მხარს უჭერს მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებს, სოფლის შინამეურნეობებსა და ფერმერებს, მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომით, ციფრული ინოვაციებითა და ფინანსური ჩართულობის ხელშეწყობით.

„მოხარულნი ვართ, რომ აზიის განვითარების ბანკთან ვაგრძელებთ მრავალწლიან პარტნიორობას, რომელიც 2015 წელს დაიწყო,” განაცხადა კრედო ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა, ზაზა ფირცხელავამ. ,,წლების განმავლობაში, ჩვენი თანამშრომლობა დაფინანსებისა და ტექნიკური დახმარების ფარგლებში, ხელს უწყობს მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების ზრდასა და განვითარებას, მათ ფინანსურ ჩართულობასა და გაციფრულებას საქართველოს მასშტაბით. აღნიშნული 120 მილიონი ლარის მოცულობის ტრანზაქცია კიდევ უფრო გაზრდის ქვეყნის რეგიონებში ადგილობრივ ვალუტაში დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობას.”

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები