ADB-იმ საქართველოს ეკონომიკის შეფასება განაახლა. ორგანიზაცია 2025 წელს ქვეყანაში 6%-იან ეკონომიკურ ზრდას ელის. ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში საუბარია საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში არსებულ ვითარებაზე, მათ შორის ვრცლად არის მიმოხილული საქართველოს ლოგისტიკის სექტორის ძლიერი და სუსტი მხარეები.
ნაკლოვანებებს შორის აღნიშნულია, რომ ქართულ პორტებში არ არის კარგად განვითარებული მულტიმოდალური სერვისების ინფრასტრუქტურა, რაც გემებიდან გადმოზიდული კონტეინერების დამუშავებას და მათ სარკინიგზო გადაზიდვებს შეეხება. ამასთან, ADB მიუთითებს იმ პოტენციალზე, რაც შუა დერეფნის განვითარებას გააჩნია, მაგრამ ხაზგასმულია მეტი კოორდინაციისა და ტარიფების ჰარმონიზაციის საჭიროება.
"საქართველო მიზნად ისახავს განავითაროს მწვანე ენერგეტიკის სიმძლავრეები და ქვეყნის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, ხოლო ციფრული გადაწყვეტილებების გამოყენებით წაახალისოს ინკლუზიური განვითარება. შავი ზღვის პორტებითა და თურქეთთან რკინიგზის კავშირით, საქართველო წარმოადგენს მნიშვნელოვან რგოლს შუა დერეფანში — მულტიმოდალურ სატვირთო მარშრუტში, რომელიც აერთიანებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას და ევროკავშირს ცენტრალური აზიის ქვეყნებისა, კავკასიისა და თურქეთის გავლით.
ეს დერეფანი მნიშვნელოვანია, რადგანაც ევროკავშირი ცდილობს მოძებნოს ალტერნატიული სატრანსპორტო მარშრუტები რუსეთის გვერდის ავლით, რათა გააუმჯობესოს მიწოდების ჯაჭვების მდგრადობა და გააღრმაოს სავაჭრო კავშირები რესურსებით მდიდარ ცენტრალურ აზიასთან, საქართველო სარგებლობს თავისი გეოსტრატეგიული მდებარეობით და სწრაფად მზარდი სატრანზიტო აქტივობით.
თუმცა ქვეყანაში კვლავ არსებობს ინფრასტრუქტურული სირთულეები: პორტებში არ არის რკინიგზის საკონტეინერო ტერმინალები, რკინიგზის მარშრუტები არასრულად არის ათვისებული, ასევე თავად შუა დერეფანში სერვისები ფრაგმენტულია და ტარიფები არათანაბარი.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არ მოიპოვება წიაღისეული საწვავი, მას აქვს განახლებადი ენერგიის განსაკუთრებით ჰიდრო, ქარისა და მზის — დიდი აუთვისებელი პოტენციალი, როგორც შიდა მოხმარებისთვის, ისე რეგიონული გადაცემისათვის. საქართველოს მთავრობამ გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის გამოყენებისკენ. განხორციელდა ტრანსპორტისა და ენერგეტიკული ქსელების მოდერნიზაცია და მიმდინარეობს თანამშრომლობა შუა დერეფნის მონაწილე პარტნიორ ქვეყნებთან ტრანზიტისა და ტარიფების პოლიტიკის ჰარმონიზაციის მიმართულებით.
შუა დერეფნის 2022–2027 წლების სტრატეგიული განვითარების გზის რუკა, რომელიც შეიმუშავეს აზერბაიჯანმა, საქართველომ, ყაზახეთმა და თურქეთმა, მიზნად ისახავს სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებას ერთიანი ციფრული სატრანსპორტო კორიდორის ჩამოსაყალიბებლად.
2024 წელს დასრულდა სტრატეგიული აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის ძირითადი, რაც წარმოადგენს შუა დერეფნის საქართველოს მონაკვეთის მნიშვნელოვან ნაწილს.
ეკოლოგიურად სუფთა რკინიგზის ინფრასტრუქტურაში ინვესტიციები — მაგალითად, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, რომელიც ამჟამად ტესტირების რეჟიმშია — გაზრდის როგორც სატვირთო, ისე სამგზავრო მოცულობებს, და ცენტრალურ აზიას ევროპასთან ალტერნატიული გზით დააკავშირებს. საზღვაო ინფრასტრუქტურის მიმართულებით კი, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა კიდევ უფრო განამტკიცებს საქართველოს პოზიციას, როგორც ევროპასა და აზიას შორის მნიშვნელოვან სატრანსპორტო ჰაბს.
საქართველოს ენერგეტიკული საჭიროებებისა და რეგიონული ინტეგრაციის მხარდასაჭერად, ქვეყანა ხელს უწყობს ინვესტიციებს ჰიდროენერგეტიკაში და გეგმავს 3 მილიარდი დოლარის მობილიზებას შავი ზღვის ქვეშ 1,100 კილომეტრიანი წყალქვეშა ელექტროსადენისა და ბოჭკოვანი კაბელის გასაყვანად, რაც კასპიის რეგიონიდან ევროკავშირში ენერგიის ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს. მოცემული ინიციატივა, სავარაუდოდ, კიდევ მეტ ინვესტიციას მიიზიდავს და საქართველოს ენერგეტიკულ ქსელს დააკავშირებს ევროპულ ბაზრებთან", - ნათქვამია ADB-ის მიმოხილვაში.