მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“აუცილებელია განვითარებაზე ორიენტირებული ინვესტიციები” – ინტერვიუ ADB-ის ვიცე-პრეზიდენტთან

ADB

თბილისში, “აბრეშუმის გზის” ფორუმი 26-27 ოქტომბერს გაიმართა. მას მსოფლიოს 60-მდე ქვეყნის 2000-ზე მეტი დელეგატი დაესწრო. ფორუმის გახსნის ღონისძიებაში, მაღალი რანგის სტუმრებთან ერთად მონაწილეობა მიიღო აზიის განვითარების ბანკის (ADB) ვიცე-პრეზიდენტმა რობერტა კასალმა. რობერტა კასალი აზიის განვითარების ბანკის ფინანსური და რისკების მართვის ვიცე-პრეზიდენტია. 2022 წლიდან ის რისკების მართვის, რეგულირების და ხაზინის დეპარტამენტის ოპერაციებს ხელმძღვანელობს. BMGTV-ის გადაცემა “ანალიტიკა”-მ ADB-ის ვიცე-პრეზიდენტთან ინტერვიუ ფორუმის ფარგლებში ჩაწერა.

დიდი მადლობა ქალბატონო რობერტა, რომ პასუხობთ ჩემს კითხვებს. პირველ რიგში, საინტერესოა, რა იყო თქვენი მთავარი გზავნილი ფორუმის მონაწილეების მიმართ - ერთ–ერთი ის მონაწილე იყავით, ვინც წლევანდელი ფორუმი გახსნა…

იმის აღნიშვნით დავიწყებ, რომ ფორუმი ძალიან წარმომადგენლობითი გამოვიდა. 60 ქვეყანა, 2000-ზე მეტი მონაწილე, თავმოყრილი თბილისში, ქმნის სრულიად კონკრეტულ აღქმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს ფორუმი თქვენი ქვეყნისთვის, სამეზობლოსთვის და კიდევ უფრო ფართოდ, ბევრი დაინტერესებული მხარისთვის. ჩვენც მათ შორის ვართ - ADB, საქართველოს მთავრობის ძლიერი პარტნიორია. ეს ფორუმი ჩვენთან თანამშრომლობით დაიწყო და ჩამოყალიბდა. დღესაც ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების მნიშვნელოვანი პარტნიორები ვართ. ეს ღონისძიება ნამდვილად იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ვიმსჯელოთ ხედვაზე და დავგეგმოთ კონკრეტული ქმედებები, რაც შეიძლება საქართველომ გაატაროს ამ ხედვის განსახორციელებლად.პრემიერმინისტრისგან საკმაოდ მკაფიო გზავნილი მოვისმინეთ, რომელსაც მხარს უჭერენ სხვა ქვეყნების პრემიერმინისტრებიც, რომლებიც იყვნენ წარმოდგენილები სცენაზე და რომლებმაც წარმოთქვეს დღეს გამხსნელი სიტყვა. შთაბეჭდილება შემექმნა იმ სტრატეგიული მნიშვნელობის შესახებ, რაც საქართველოს აქვს და სტრატეგიული მნიშვნელობის შესახებ, რაც იკვეთება ეკონომიკური განვითარების მიმართულებით და რაც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ, კავკასიისთვის და უფრო ფართოდ – აღმოსავლეთ აზიისთვის. ეს მნიშვნელობები ურთიერთგადამკვეთია. ამდენად “შუა დერეფანი” დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ სტრატეგიული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურა, რომელმაც შეიძლება გაზარდოს დაკავშირებადობა, ოპერაციები, ხელი შეუწყოს ეკონომიკურ განვითარებას, ვაჭრობას, ინვესტიციებს და შეიძლება მოიზიდოს არა მხოლოდ საჯარო, არამედ, კერძო კაპიტალი იმისთვის, რომ დააჩქაროს მთელი რეგიონის მდგრადი განვითარება.

რამ შეიძლება კომერციულად მიმზიდველად აქციოს მთელი ეს პროექტი?

ძალიან საინტერესო კითხვაა. ყველა ე.წ. “ბენქებლ პროექტს” აქვს წინაპირობები. მიმაჩნია, რომ განვითარების მკაფიო და სტრატეგიული ხედვა ყველაზე მნიშვნელოვანია. სხვა შემთხვევაში კერძო კაპიტალის მოზიდვა ძალიან რთული იქნება. ასეთი ტიპის სტრატეგიის არსებობისთვის ყველა პირობა უკვე შექმნილია და ეს ძალიან მისასალმებელი ნაბიჯია. ჩვენ და ჩვენს მსგავს ინსტიტუტებს შეუძლიათ პოლიტიკის განსაზღვრაში მონაწილეობის მიღება. აუცილებელია, როგორც საჯარო ისე კერძო კაპიტალის მობილიზება, როგორც უკვე აღვნიშნე. წარმატების მისაღწევად აუცილებელია ისეთი ტიპის ინვესტიციები, რომლებიც განვითარებაზე იქნება ორიენტირებული - დოვლათის დაგროვებაზე, უკეთესი სამუშაო ადგილების შექმნაზე, უკეთესი ინფრასტრუქტურის შენებაზე, რაც საბოლოო ჯამში, წაახალისებს როგორც ინვესტიციების, ისე სავაჭრო ნაკადებს. საქართველოს სტრატეგიული ლოკაცია აქვს და დღესაც საკმაოდ მკაფიო გზავნილი მოვისმინეთ, რომ საქართველოს სურს გახდეს არა მხოლოდ ეკონომიკური და ფინანსური ჰაბი, არამედ, ინფრასტრუქტურული ჰაბიც. ქვეყნის კეთილდღეობის ზრდა შესაძლებელია.

დიდი მადლობა, რომ ეს საკვანძო სიტყვა ახსენეთ, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია “შუა დერეფნის” კონტექსტში – ეს ინფრასტრუქტურა და მისი განვითარებაა. ADB წლებია, უკვე ეხმარება საქართველოს ამ მიმართულებით – თუმცა, რა ტიპის ინფრასტრუქტურაზე უნდა გაკეთდეს უფრო კონკრეტულად აქცენტი? ბოლო პერიოდია მთავრობის ნარატივში დაბრუნდა აქცენტი მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე – იქნება ეს ანაკლიის პორტის პროექტი, თუ უფრო ფართოდ – ენერგოჰაბის კონტექსტში – მაგალითად, ნამახვანჰესის პროექტი – ყველა მსხვილ პროექტს საქართველოში რაღაც ტიპის პრობლემა აქვს – ან არბიტრაჟშია საქმე, ან შეფერხებული და შეჩერებულია. როგორც ხედავთ ამ მიმართულებით განვითარებას და ხედავთ თუ ამ ნაწილში ADB-ის როლს?

ADB უკვე არის საკმაოდ აქტიურად ჩართული ამ ნაწილში და საქართველოს მთავრობის მჭიდრო პარტნიორია. ADB-ისა და საქართველოს შორის ხანგრძლივი და ძალიან ნაყოფიერი ურთიერთობაა ჩამოყალიბებული. მაგალითად: გზების სექტორში აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის მშენებლობაში გვაქვს მნიშვნელოვანი მონაწილეობა მიღებული, რომელიც დასასრულს უახლოვდება და მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა იქნება, მაგრამ აქ ჩვენ ვსაუბრობთ ინფრასტრუქტურის ერთობლიობაზე – არა მხოლოდ გზებზე, არამედ, როგორც თქვენ უკვე ახსენეთ, მაგალითად, პორტებზე – და ანაკლიის სტრატეგიული პორტის მშენებლობა დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მნიშვნელოვანია. კიდევ ერთი აქცენტი შეიძლება იყოს ავიაციის სექტორის განვითარება, რაც მეტი ადამიანს შემოიყვანს ქვეყანაში, ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას. აქაც ADB-ის შეუძლია საქართველოს მხარდაჭერა კომპლექსური რეფორმით. ჩვენ ასევე შეგვიძლია საქართველოს მხარი დავუჭიროთ ლოგისტიკის სექტორში. ასევე შეგვიძლია წვლილი შევიტანოთ თანმიმდევრული მიდგომების ჩამოყალიბებაში, რომლებიც მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს განვითარებისთვის, მაგრამ ასევე – მის მეზობლად მყოფი ქვეყნებისთვისაც. თქვენს მთავრობასთან ვმუშაობთ იმაზე, რომ მომავალ წელს მთავრობასთან ერთად განვსაზღვროთ ქვეყნის სტრატეგია, სადაც თავს მოიყრის ყველა ის პროექტი, პროგრამა, წვლილი, დაფინანსება, ტექნიკური მხარდაჭერა რაც ADB-ის შეუძლია, საქართველოს გაუწიოს. აქ იქნება თავმოყრილი იმ ინსტრუმენტების ფართო სპექტრიც, რომელთა გამოყენებაც შეუძლია ADBი–ის მიზანმიმართულად იმ საჭიროებებისკენ, რაც საქართველოს ექნება.

რა შეიძლება ჩავთვალოთ ამ ფორუმის ხელშესახებ შედეგებად?

მჯერა, რომ ყოველთვის, როცა ადამიანები ერთმანეთს ხვდებიან, ეს მნიშვნელოვანია. იყო წარმოდგენილი, უკვე შედეგია. ამით ჩვენ ვამცირებთ ჩვენ შორის არსებულ განსხვავებებს. ჩვენ შეგვიძლია გულწრფელად საუბარი. ჩვენ შეგვიძლია უკეთ გავუგოთ ერთმანეთს. ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ ნამდვილ პრობლემებზე. ჩვენ ვამყარებთ კონტაქტებს აქ და ახლა, რომლებმაც შესაძლოა, სხვა დროს კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა შეიძინოს. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ძალიან კარგი ნიშანია, რომ ამდენმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა ამ ფორუმში და ანიჭებს ამხელა მნიშვნელობას თქვენს ქვეყანას და ეს მნიშვნელობა ხაზგასმულია საერთაშორისო დონეზე. მინდა, გულწრფელად მოგილოცოთ და გითხრათ, რომ ჩვენ თქვენს გვერდით ვართ, ჩვენ ამ ფორუმის ძლიერი მხარდამჭერი ვართ იმიტომ, რომ ის დანამდვილებით ზრდის თანამშრომლობას, პროგრესს, რადგან საერთო სიკეთის შექმნას ემსახურება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები