მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ადგილიდან გატანის სერვისი – როგორ მუშაობენ მაღაზიები „წერტილოვანი შეზღუდვების“ პირობებში

5fcf9022b4e9f
ინგა მურუსიძე
08.12.20 23:20
1039
როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ე.წ. „წერტილოვანი შეზღუდვების“ ფარგლებში, ყველა სავაჭრო ობიექტი (გამონაკლისების გარდა: მაგ.: საკვები, ქიმიკატები, ჰიგიენის საშუალებები) ფუნქციონირებს მხოლოდ დისტანციურად – ადგილზე მიტანის/ადგილიდან გატანის სერვისით, მომხმარებლის სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის გარეშე, რაც იმას ნიშნავს, რომ მოქალაქეს შეუძლია სასურველი ნივთი ონლაინ შეარჩიოს, შეიძინოს და მივიდეს მაღაზიასთან, საიდანაც კონსულტანტი შეძენილ ნივთს მიაწვდის.

სხვადასხვა მაღაზიის მიერ Facebook-გვერდებზე გამოქვეყნებული სარეკლამო ხასიათის პოსტების მიხედვით, შეგვიძლია ვივარუდოთ, რომ როგორც ჩანს, მაღაზიები, რომლებსაც მიწოდების სერვისი საკმაოდ ძვირი უჯდებათ და დამატებითი ხარჯი არც მომხმარებელს აწყობს, ცდილობენ აქტიურად გამოიყენონ ე.წ. ადგილიდან გატანის სერვისი, მაგრამ თუ ამ ფორმით გადაწყვეტთ ნივთის შეძენას, ვიდრე მაღაზიიდან მის წასაღებად/გასატანად მიხვალთ, თანხა, ძირითადად, წინასწარ უნდა გქონდეთ გადახდილი. მაგალითად, მაღაზია „ჭიტასა“ და „პეპელაში“ bm.ge-ის უთხრეს, რომ ნაღდი ფულით ანგარიშსწორება მათთან არ ხდება, არგუმენტი კორონავირუსის გავრცელების პრევენციაა, სხვა ობიექტებში, კერძოდ, „პენტსა“ და „ბიბლუსში“ კი განაცხადეს, რომ ნივთის გატანისას შესაძლებელია როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორება.

პოსტი Penti Georgia-ს facebook-გვერდზე: „თუ ჩვენს მაღაზიასთან ახლოს ცხოვრობ და არ გინდა კურიერს ელოდო, მობრძანდი ჩვენს ფილიალთან, დაგვიკავშირდი მაღაზიის ნომერზე, დისტანციურად, ადგილზე შეარჩიე სასურველი ნივთი და წაიღე თან“.

პოსტი „ბიბლუსის“ facebook-გვერდზე: „იქიდან გამომდინარე, რომ შეგვეზღუდა დიდ ქალაქებში მუშაობის უფლება, გადავწყვიტეთ შემოგთავაზოთ ე.წ. "Take away/თან წაიღე'' სერვისი. რას გულისხმობს ეს სერვისი: თქვენ შეძლებთ, რომ ჩვენს საიტზე ნახოთ თქვენთვის სასურველი წიგნი, სათამაშო, საახალწლო აქსესუარი თუ სხვა, გადარეკოთ ფილიალების ნომრებიდან ერთ-ერთში(რომელიც ყველაზე ახლოს არის თქვენთან), გაიგოთ აქვთ თუ არა ეს ნივთი ადგილზე და დაჯავშნოთ წამოღების დრო. დისტანციურად ვაფორმებთ შეკვეთას. მივდივართ შეთანხმებულ ადგილას და ვიღებთ შეკვეთას. ანგარიშსწორება შესაძლებელია ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით“.

პოსტი OVS Georgia-ს facebook-გვერდზე: „თუ ჩვენს მაღაზიასთან ახლოს ცხოვრობთ ან/და არ გინდათ კურიერს ელოდოთ, მაშინ სასიამოვნო სიახლე გვაქვს: მობრძანდით თბილისში ჩვენს ფილიალთან პეკინის გამზირზე, შეარჩიეთ სასურველი ნივთი, გადაიხადეთ და წაიღეთ თან“.

შეგახსენებთ: 28 ნოემბრიდან ამოქმედებული რეგულაციები 2-თვიანია და 31 იანვრის ჩათვლით იქნება ძალაში, თუმცა გამონაკლისია 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით პერიოდი, როდესაც სავაჭრო ობიექტებს ჩვეულებრივ მუშაობის უფლება ექნებათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები