მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ადგილობრივ ბაზარზე ავტომობილებზე მოთხოვნის ვარდნაა - "თბ ექს"-ის დირექტორი

ავტომობილების ექსპორტი
24.04.24 21:34
1484

ავტოიმპორტიორი კომპანია "თბ ექს"-ის დირექტორი ირაკლი გურჩიანი ამბობს, რომ ავტომობილებზე ადგილობრივი მოთხოვნა შემცირებულია.

როგორც მან BMGTV-ს გადაცემასაქმიან დილაშიგანაცხადა, ეს არჩევნებით აიხსნება, რადგან მისი დაკვირვებით, ტრადიციულად, საარჩევნო წელს მოთხოვნა იკლებს. მისივე თქმით, ყველაზე მოთხოვნადი Toyota Land Cruiser 300 და Toyota RAV4-ია. კომპანია ელის, რომ თვეში 70-80 ავტომობილს გაყიდის.

ქვეყნის შიგნით მოთხოვნის შედარებით ვარდნაა. ამდენი წელიწადია ამ ბიზნესში ვარ და არ მახსოვს, რომ არჩევნების წელს არ ყოფილიყოს ვარდნა. ვინაიდან წელს არჩევნებია, მთელი წელი იქნება არა კატასტროფული, მაგრამ შესამჩნევი ვარდნა. უკვე არის 20-25%-იანი ვარდნა და ალბათ ასე გაგრძელდება. არჩევნები დამთავრდება თუ არა, სტანდარტულად ყველაფერი დადგება თავის ადგილას“,- აღნიშნა ირაკლი გურჩიანმა.

რაც შეეხება საერთაშორისო ბაზრებს, როგორც ირაკლი გურჩიანი აღნიშნავს, კომპანიის მომხმარებლები არიან კერძო პირები ყირგიზეთიდან, თურქმენეთიდან, ყაზახეთიდან, ტაჯიკეთიდან და უზბეკეთიდან. რაც შეეხება საქართველოდან შუა აზიის ქვეყნებში ავტომობილების მზარდ ექსპორტს და შეფასებებს, რომ ეს ავტომობილები საბოლოოდ რუსეთში ხვდებიან, ირაკლი გურჩიანის თქმით, მზარდ ექსპორტს პირდაპირ რუსეთთან ვერ დააკავშირებს.

„მას შემდეგ, რაც მსოფლიოს ავტომწარმოებლებმა ემბარგო გამოუცხადეს რუსეთს, მოჰყვა ასევე შუა აზიის ქვეყნები, რადგან ფაქტობრივად ერთი რეგიონია. მაგალითად Toyota-ს დისტრიბუციები შუა აზიის რესპუბლიკებზე ხორციელდებოდა ასევე რუსეთის დახმარებით. აქედან გამომდინარე, რუსეთის დისტრიბუტორმა მანქანების მიღება რომ ვეღარ შეძლო, ამ შუა აზიის ქვეყნების კომპანიებმა დაიწყეს ალტერნატიული გზების ძიება. ყაზახეთიც რუსეთზე არანაკლებ დიდი ბაზარია, ასევე არის თურქმენეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი. აქედან გამომდინარე, ყველაზე ახლოს რაც იპოვეს, დაიწყეს საქართველოდან და აზერბაიჯანიდან ახალი მანქანების იმპორტი. პირდაპირ რუსეთთან დაკავშირება მე უბრალოდ არ შემიძლია.

ჩვენ პირდაპირ ამ ქვეყნებში არ ვყიდით მანქანებს. უბრალოდ ჩამოდის ვთქვათ ყირგიზეთის მოქალაქე ყიდულობს მანქანას და მიჰყავს. ძირითადად ამ სქემით ვმუშაობთ“,- აცხადებს "თბ ექს"-ის დირექტორი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები