მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ადგილობრივ ბაზარზე ხარისხის კონტროლი და იმპორტის სერტიფიცირება - ღვინის სააგენტოს ფუნქციები გაიზრდება

ლევან მეხუზლა

სსიპ ღვინის ეროვნულ სააგენტოს უფლებამოსილების გაფართოება იგეგმება. კერძოდ, მას ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზე კონტროლის უფლებამოსილება დაემატება, რომელიც ხარისხის კონტროლთან ერთად ალკოჰოლიანი სასმლის ეტიკეტზე განთავსებული ინფორმაციის კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენას მოიცავს.

ამასთან, მის ფუნქციებში შევა იმპორტირებული სპირტიანი სასმელების სერტიფიცირებაც. შესაბამისი ცვლილებები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მოამზადა და პარლამენტს საშემოდგომო სესიაზე წარედგინება.

მთავრობის საკანონმდებლო საქმიანობის გეგმის მიხედვით, ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზე ალკოჰოლიანი სასმლის ხარისხისა და ეტიკეტირების ეფექტურად კონტროლისთვის „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში იგეგმება ცვლილებები.

"კანონპროექტის მომზადების მიზანია ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზე განთავსებული ალკოჰოლიანი სასმელის ხარისხის კონტროლის ეფექტური განხორციელება და მომხმარებელთა ინტერესების დაცვა. ვინაიდან ალკოჰოლიანი სასმელის წარმოების სრული ციკლის კონტროლს ახორციელებს სსიპ - ღვინის ეროვნული სააგენტო, ალკოჰოლიან სასმელთან მიმართებაში ეფექტური იქნება ამავე უწყებამ განახორციელოს ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზე ხარისხის კონტროლი. ერთ სახელმწიფო ორგანოში მოქცეული აღრიცხვიანობა, ინფორმაციული ბაზა და ამავე ორგანოს მიერ განხორციელებული სახელმწიფო კონტროლი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს და ეფექტურს გახდის ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზე ალკოჰოლიანი სასმელის ხარისხის კონტროლს და მომხმარებელთა ინტერესების დაცვას. შესაბამისად, სსიპ - ღვინის ეროვნულ სააგენტოს დაემატება ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზე კონტროლის განხორციელების უფლებამოსილება, რომელიც ხარისხის კონტროლთან ერთად მოიცავს ალკოჰოლიანი სასმელის ეტიკეტზე განთავსებული ინფორმაციის კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენას.

ამასთან, ვინაიდან დღეისათვის იმპორტირებული სპირტიანი სასმელის სერტიფიცირება არ ხორციელდება, საკითხის რეგულირების მიზნით მასერტიფიცირებელ ორგანოდ განისაზღვრება სსიპ - ღვინის ეროვნული სააგენტო. დღეისათვის სსიპ - სურსათის ეროვნული სააგენტოს ფუნქციას წარმოადგენს ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზე სურსათის, მათ შორის ალკოჰოლიანი სასმელზე სახელმწიფო კონტროლის განხორციელება, ფუნქციათა გამიჯვნისათვის აუცილებელია „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში“ ცვლილების შეტანა. ხოლო აღნიშნულის გათვალისწინებით ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის სახდელის დაკისრების უფლებამოსილების სსიპ ღვინის ეროვნულ სააგენტოსათვის მინიჭება",- წერია დოკუმენტში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები