ეკონომისტ გიორგი ხიშტოვანის შეფასებით, მიუხედავად ინფლაციის ტემპის შედარებით შენელებისა და რიგ პროდუქციაზე თვიურ ჭრილში ფასების მცირედით კლებისა, საქართველოში ინფლაცია მაინც მაღალ ნიშნულზე ნარჩუნდება.
როგორც ხიშტოვანმა BMG-სთან განაცხადა, იმპორტირებული პროდუქციისთვის ინფლაციის მიმართულებით დამატებითი წნეხი შესაძლოა, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის შედეგად გლობალურად ფასების ზრდა იყოს.
ამ ფონზე, ხიშტოვანი არ გამორიცხავს, რომ ეროვნულ ბანკს ინფლაციის მოსათოკად უკვე რეფინანსირების განაკვეთის გაზრდაც დასჭირდეს.
“ინფლაცია ისევ რჩება ძალიან მაღალ დონეზე, რაც სამწუხაროა. მეორე მხრივ, აღსანიშნავია, რომ წლის პირველ ორ თვეში საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი გვაქვს ინფლაციის. ეს არის 1.2% იანვარში და 0.2% თებერვალში, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველთვიურად ფასების ზრდა გრძელდება. არ არის უცნაური, რომ მცირე შემცირება გვაქვს რამდენიმე პროდუქტზე სურსათში, მაგრამ მე ამას ვერ დავაბრალებდი ჯანსაღ პროცესს, იმიტომ რომ ჩემი აზრით, საკმაოდ არაჯანსაღი პროცესი მიმდინარეობს ფასებზე კონტროლის დამყარების მცდელობის, რასაც რა თქმა უნდა, რაღაც დროებითი ეფექტი შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ არა გრძელვადიანი, იგივე სურსათის ნაწილში. რა თქმა უნდა, როდესაც სექტორი არის სახელმწიფო შეტევის მოგერიების პროცესში, ისინი არ იქნებიან თავისუფლები, რომ მიჰყვნენ საბაზრო დინამიკას და შესაბამისად, ეს ფაქტორიც უნდა გავითვალისწინოთ.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ როგორც წესი, ჩვენ გვქონდა ადგილობრივი ინფლაციის მაღალი მაჩვენებელი, იმპორტირებული ინფლაცია უარყოფითიც კი იყო ბოლო თვეებში. აქ ახლა გეოპოლიტიკაც შემოდის. თუ გრძელვადიანად ნავთობპროდუქტებზე ფასები გაიზარდა და ამავდროულად, რეგიონში ტრანსპორტირების ხარჯები გაიზარდა, უკვე ადგილობრივ ინფლაციას შეიძლება დაემატოს იმპორტირებული ინფლაცია, რაც სერიოზულ გამოწვევას უქმნის საქართველოს, როგორც იმპორტზე დამოკიდებულ სახელმწიფოს.
ამიტომაც, პრობლემა ისევ რჩება. ჩემი აზრით, დღეს ინფლაცია არის მთავარი გამოწვევა საქართველოს მოსახლეობისთვის. „ქართული ოცნების“ გეგმა, "მანუალურად" მართოს ეს პროცესი, გვაძლევს მხოლოდ ერთადერთ შედეგს, რომ კვერცხი გაიაფდა ხუთი თეთრით. სხვა მხრივ მივიღეთ შეშინებული, დამფრთხალი საცალო ვაჭრობის ქსელები, დეზორიენტირებული დისტრიბუტორები და შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ არ ხვდება ჯანსაღ მდგომარეობაში საქართველოს ეკონომიკა იმ გარე რისკებს, რომლის წინაშეც დგას მთლიანად რეგიონი და მათ შორის საქართველოც.
როდესაც ლოკალურ პრობლემებს ვერ ვაგვარებთ და ინფლაცია არის გამოხატულება მათ შორის, ამ ლოკალური გამოწვევების და შესაძლოა დაგვემატოს გარე შოკი და ამ გარე შოკს საქართველოს ეკონომიკა და უშუალოდ ინფლაციის სიტუაცია მოუმზადებელი ხვდება, ჩემი აზრით, ამან შეიძლება მართლა დიდი დარტყმა მიაყენოს, პირველ რიგში, მოსახლეობის კეთილდღეობას.
მე მგონი კრიტიკული თვე იქნება მარტი, რადგანაც შარშან თუ ვნახავთ სტატისტიკას, მარტში იყო ძალიან მაღალი ფასების ზრდა. ახლა ოცნებობს ყველა ეროვნულ ბანკში და „ქართულ ოცნებაში“, რომ მარტში, შარშანდელთან მიმართებაში, წელს დაბალი ინფლაცია გვქონდეს. ამიტომ არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ ეს მანუალური მართვა და წნეხი ბიზნეს სექტორზე, ფასების კლება დაასტიმულირონ, გაიზარდოს. მაგრამ აქ უკვე შეიძლება გარე ფაქტორები აღმოჩნდეს გადამწყვეტი, ფასები ისევ გაიზარდოს და მე მგონია, რომ მარტი-აპრილში თუ ინფლაციის 5%-მდე მაჩვენებელი შენარჩუნდა, იძულებული გახდება უკვე ეროვნული ბანკი, რომ ჩაერიოს ამ პროცესებში და პირველ ყოვლისა, განაკვეთის ზრდით სცადოს ფასების ზრდის შეჩერება”, - განაცხადა გიორგი ხიშტოვანმა.
ცნობისთვის, 2026 წლის თებერვალში საქართველოში ინფლაციამ 4.6% შეადგინა. წინა თვესთან შედარებით წლიური ინფლაცია 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა. საქსტატის თანახმად ფასების ზრდის მთავარი მდგენელი კვლავ სურსათის ფასის ზრდაა, სადაც ფასები წლიურად 9.5%-ით არის გაზრდილი.




























