კომპანია „ქართული აგროს“ წარმომადგენელი გიორგი მაჭარაძე აცხადებს, რომ მათი პროდუქტის ფასწარმოქმნისას ყველაზე დიდ გავლენას ქეშბექები, თაროს გადასახადები, ქსელში შესვლის თანხები ახდენს, რაც ყველა წარმოებას აქვს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს „ფასების საპარლამენტო კომისიის“ დაწყებამდე განუცხადა. მისი შეფასებით, ადგილობრივ პროდუქტზე ფასების შემცირების რესურსი არსებობს.
„ფასების საპარლამენტო კომისიაზე“ დღეს ადგილობრივი წარმოების ხილის, ბოსტნეულის, წვენებისა და ჯემების ბაზრის წარმომადგენლებს მოუსმენენ.
კომპანია „ქართული აგრო“ ქართულ აგროპროდუქტს - ნატურალურ წვენებს აწარმოებს, რომელიც ბაზარზე „კეთილი და პატიოსანის“ ბრენდით იყიდება.
„ყველა ეს პრობლემები ჯამურად, ერთ დიდ პრობლემას ქმნის - ფასი იზრდება. ჩვენ ვთვლით, რომ ქართულ პროდუქციას, განსაკუთრებული, საქართველოში წარმოებულ პროდუქციას განსაკუთრებული პრიორიტეტები უნდა ჰქონდეს“, - განაცხადა გიორგი მაჭარაძე, თუმცა თვლის, რომ დღგ-სგან გათავისუფლება პრობლემას არ გადაწყვეტს: „სხვა ბევრი, უფრო ძირეული პრობლემებია, რომელიც მოსაგვარებელია“.
„ქართული აგროს“ დამფუძნებელი, განმარტავს, რომ მათ შემთხვევაში პროდუქტის საბოლოო ფასზე მოქმედებს ასევე დისტრიბუცის ნაწილი: „იმიტომ, რომ მათაც თავიანთი სარგებელი აქვთ და ყველა ეტაპზე შეიძლება, რომ რაღაცები, კორექტირება მოხდეს“, - ამბობს ის.




























