დუბაიში მდებარე ქართული რესტორნის „ქართული“ თანადამფუძნებელი, მარიამ შევარდნაძე BM.GE-სთან უცხო ქვეყანაში ოპერირების პერიოდს აფასებს. მისი თქმით, პირველივე დღიდან მომხმარებლების დიდი ყურადღება დაიმსახურეს და უკვე არაერთი ლოიალური მომხმარებლებიც ჰყავთ.
აღსანიშნავია, რომ რესტორანი 6 თვეა, რაც დუბაის ბაზარზე გამოჩნდა და დუბაის ცენტრში “Downtown” მდებარეობს. მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ქართული, სახლური გემოები დააგემოვნოს.
შევარდნაძის ცნობით, რესტორნის პოპულარიზაციისა და მისი განვითარებისთვის, აქტიურად მუშაობდნენ მარკეტინგულ კამპანიებსა და ღონისძიებების გამართვაზე. ამასთან, რამდენჯერმე გახდნენ ადგილობრივი ტელევიზიისა და რადიოს სტუმრებიც.
„უკვე 6 თვეა დუბაის ბაზარზე ვართ. ამ პერიოდის განმავლობაში ძალიან ბევრი სიახლე და ცვლილება განვახორციელეთ. პირველივე თვიდან, ძალიან აქტიურად ჩავერთეთ, როგორც მარკეტინგის, ასევე ივენთების კუთხით, ჩავატარეთ პირველი ქართული ფესტივალი დუბაიში, ჩამოვიყვანეთ ქართველი მომღერლები, სადაც ასევე ვყიდდით ჩვენ მიერ წარმოებულ ქართულ პროდუქტებს, აჯიკებს, ტყემლებს, ჩურჩხელებს თაფლებს და ბევრ სხვას. გაიმართა ბევრი სხვადასხვა ქართული თემატიკის ისტორიული საღამოები. ჩვენდა გასაკვირად, ჩვენი რესტორნისა და თავად საქართველოს მიმართ აქაურმა მომხმარებლებმა ძალიან დიდი ინტერესი გამოიჩინეს. ამ 6 თვის თავზე, უკვე ძალიან ბევრი ერთგული მომხმარებელი გავიჩინეთ, რომლებიც ყოველ კვირას ჩვენს რესტორანს სტუმრობენ. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი რესტორანი არაბულ სამყაროში დიდი პოპულარულობით სარგებლობს. რამდენიმეჯერ მიგვიწვიეს ტელევიზიაში და რადიოში, ასევე ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტელეკომპანია დაინტერესდა და შემოგვთავაზა კოლაბორაცია, სადაც ყოველთვიურად შევძლებთ ჩვენი რესტორნიდან ქართულ კერძების მომზადებას დილის გადაცემაში და საქართველოს კულტურის გაზიარებას ემირატელი მაყურებლებისთვის“,- აცხადებს შევარდნაძე.
რაც შეეხება ზაფხულს დუბაიში, მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდში დუბაი ტურისტებისგან დაცლილია, რეზიდენტებისგან ერთგული მომხმარებლები მაინც აქტიურად სტუმრობენ.
„ზაფხულში ძალიან საინტერესო ახალი პროექტები დავიწყეთ, მაგალითად “Qartuli Travels”. ეს არის სერიალი , რომლის პირველი სეზონი, სადაც 12 ეპიზოდი შედის და გაგრძელდება სექტემბრის ბოლომდე, ემსახურება იმას, რომ საქართველო ქართველებთან ერთად გავაცნოთ. ვმოგზაურობთ საქართველოს რეგიონებში, წარმოგიდგენთ დამალულ მარგალიტებს, გემრიელ ტრადიციულ კერძებს და Qartuli-ს ფესვებს ჩვენი ქვეყნის მდიდარი ისტორიისა და კულტურის მეშვეობით. პირველი სერია წინა კვირაში გამოვიდა, ყველა მომდევნო სერია გამოდის ყოველ პარასკევს საღამოს და მაყურებლებს შეუძლიათ ჩვენს YouTube გვერდზე, “Qartuli Travels” იხილონ “,- ამბობს რესტორნის თანადამფუძნებელი.
რესტორანი მთელი ზაფხულის განმავლობაში სხვადასხვა აქტივობებს გეგმავს. კერძოდ, სტუმრებს შეეძლებათ მოიგონ 5-დღიანი მოგზაურობა საქართველოში.