მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ადგილობრივებს ინტერესი თითქოს გაუნელდათ" - ხაშურის კინოთეატრი

კინოთეატრი

ხაშურის კინოთეატრის "ივერია სინემას" მიმართ, რომელმაც ოპერირება მიმდინარე წლის მარტში დაიწყო, ინტერესი შენელებულია. ამის შესახებ BM.GE-სთან კინოთეატრის მენეჯერმა, ნათია ჩადუნელმა განაცხადა.

ჩადუნელი ინტერესის შენელებას რეგიონის მცხოვრებლების ფინანსურ მდგომარეობას უკავშირებს.

„კინოთეატრის გახსნამდე და მის შემდეგაც ძალიან დიდი ინტერესი იყო მოსახლეობის მხრიდან. შესაბამისად, პირველი ორი თვე დატვირთვა მაღალი იყო. თუმცა, შემდეგ ინტერესი თითქოს გაუნელდათ. ვფიქრობ, ეს მოსახლეობის ფინანსურ მდგომარეობასთანაა დაკავშირებული.

ზაფხულის პერიოდში ძირითადად არა ადგილობრივები გვსტუმრობდნენ. დატვირთვაზე მოლოდინი იმაზე მეტი გვქონდა, ვიდრე რეალობაა. სანამ კინოთეატრი გაიხსნებოდა, ადგილობრივების მხრიდან გახსნაზე ძალიან დიდი მოთხოვნა გვქონდა. დროში გაჭიანურების გამო კი, მათი მხრიდან უკმაყოფილებაც კი იყო. თუმცა, სასკოლო პერიოდის დაწყების შემდეგ, მოლოდინი გვაქვს, რომ დატვირთვა გააქტიურდება“, - აცხადებს მენეჯერი.

მისივე ინფორმაციით, „ივერია სინემას“ მომავალი წლიდან ახალი, ბავშვთა გასართობი სივრცე დაემატება, რომელიც სრულად აღჭურვილი იქნება ყველა საჭირო გასართობი აპარატურით. ამ ეტაპზე, მოლაპარაკებები მიმდინარეობს და სხვა დეტალები არ საჯაროვდება.

კინოთეატრის მფლობელის, ვალერი გელაშვილის ცნობით, მისთვის ხაშურის თეატრის შეძენა ადგილობრივი მოსახლეობისთვის შესაძლებლობის მიცემა იყო და არა ბიზნესის წარმოების საშუალება.

„მარტო ხაშურში გვაქვს კინოთეატრი, სხვა მუნიციპალიტეტში არ არის. მე ამ სივრცეს, როგორც ბიზნესს, არ ვუყურებ. როდესაც სოსო ფხაკაძისგან შევიძინე ეს კინოთეატრი, ჩემი მიზანი, ადგილობრივებისთვის შესაძლებლობის მიცემა იყო, რადგან რაიონი ჩაკეტილია“,- განმარტავს გელაშვილი.

ინფორმაციისთვის, ხაშურში კინოთეატრი „ივერია სინემა“ მიმდინარე წლის 4 მარტს ამოქმედდა. აღსანიშნავია, რომ კინოთეატრის გახსნა ხაშურში, ჯერ კიდევ 2021 წელს იყო დაანონსებული. მასში ბიზნესმენს დაახლოებით $2 მლნ-ს მოცულობის ინვესტიცია ჰქონდა ჩადებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები