„ხაშურში ვყიდი ბიზნესებს, რომ ვარკეთილში ავაშენო“, - ამის შესახებ ბიზნესმენმა ვალერი გელაშვილმა BM.GE-ს განუცხადა. მისი თქმით, ხაშურში არსებული ბიზნესების გაყიდვა თბილისში, ვარკეთილში, ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში დაწყებული პროექტის დასაფინანსებლად სჭირდება.
გელაშვილის ინფორმაციით, ვარკეთილში, მესამე მასივის მეორე მიკრორაიონში, მეტროს მიმდებარედ, ორი 20-სართულიანი შენობას აშენებს. პროექტის საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 30 მილიონი დოლარია. ის აღნიშნავს, რომ ჯამში, პროექტი 55 000 კვ.მ-ს მოიცავს, საიდანაც დაახლოებით 10 000 კვ.მ თბილისის მერიას უნდა გადაეცეს ავარიული სახლებიდან განსახლებული მოქალაქეების დასაკმაყოფილებლად.
ბიზნესმენის თქმით, პროექტზე დაახლოებით ხუთი წელია მუშაობს და მისი განხორციელება საკუთარი ინიციატივით დაიწყო. მშენებლობის პროექტი უკვე დამტკიცებულია და სამუშაოებიც დაწყებულია - შენობები ამ ეტაპზე ორი-სამი სართულით არის ამოყვანილი.
„ობიექტების გაყიდვა მინდა ხაშურში, რომ თბილისში დავაფინანსო ჩემი პროექტი. ჩანაცვლების პროგრამით ვარკეთილში 34 000 კვადრატული მეტრი დასაშენებელი მაქვს და მინდა, თანხა გავაკეთო, რომ ჩემი ფულით დავაფინანსო. ბანკთან პრობლემა მაქვს, კომპანიას გირაო აქვს და ბანკები ფულს არ მაძლევენ. ამიტომ იმ ლიკვიდური აქტივების გაყიდვა მინდა, რომლებიც დიდ შემოსავალს არ იძლევა. რა ვქნა, გამიჭირდა - თუ ვერ გავყიდე, პროექტს ვერ განვახორციელებ და ვალდებულებები მაქვს. ამიტომ მინდა, ხაშურში არსებული ობიექტები გავყიდო და თანხა ჩემს ძირითად პროექტში ჩავდო“, - განაცხადა გელაშვილმა.
მისივე თქმით, ვარკეთილის პროექტი იმ მოქალაქეებისთვის არის განკუთვნილი, რომლებიც ავარიული სახლებიდან არიან განსახლებული და ამჟამად, ნაქირავებ საცხოვრებელში ცხოვრობენ.
„ორი დიდი, 20-სართულიანი სახლი შენდება. აქედან 10 000 კვადრატულ მეტრს გადავცემ მერიას და მერია ამ ფართობში შეასახლებს დაზარალებულ ხალხს. დაახლოებით ხუთი წელია ამ პროექტზე ვმუშაობ. ჩემი ინიციატივით დავიწყე, მაშინ არც არავინ მეხმარებოდა. ამიტომ ეს ჩემი დამუშავებული პროექტია და მინდა, ბოლომდე მივიყვანო“, - აღნიშნა ბიზნესმენმა.
გელაშვილი საქართველოში ბიზნესის პარალელურად ვენესუელაშიც საქმიანობს. როგორც თავად ამბობს, ქვეყანაში დაახლოებით 20 წლის წინ, იმდროინდელი საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების პერიოდში წავიდა, მას შემდეგ, რაც საქართველოში მის ქონებასთან და ბიზნესთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნა.
„ვენესუელაში მიშას დროს წავედი. მაშინ, როცა ბიზნესთან დაკავშირებით პრობლემები მქონდა - რეზიდენციაც დამიყადაღეს და ფულიც წამართვეს. იქ მქონდა საქმიანობა და დღესაც მაქვს. წელიწადში დაახლოებით სამჯერ ჩამოვდივარ საქართველოში, დანარჩენ დროს იქაც ვარ. რაც მადურო წაიყვანეს, ბიზნესი უკეთესობისკენ წავიდა. შესაბამისად, იქ ბიზნესი ჩემთვის უფრო მოგებიანია და ამიტომაც ვაგრძელებ საქმიანობას“, - განაცხადა ვალერი გელაშვილმა.
























