მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ადგილობრივი ბაზარი ჩვენი ღვინის 3-4%-ს ითვისებს" - სად იყიდება "ამბრას" პროდუქტი?

ამბრა

რაჭაში, ხვანჭკარის მიკროზონაში არსებული მეღვინეობა "ამბრა", 2024 წლის მოსავლით 30 000 ბოთლ ღვინოს აწარმოებს, საიდანაც, ძირითადი ნაწილი უცხოეთის ბაზრებზე გაიყიდება - ამის შესახებ "საქმიანი დილას" ეთერში კომპანიის დამფუძნებელმა, აკაკი სირაძემ ისაუბრა.

მისი განმარტებით, წარმოების ძირითადი ნაწილი 6 ქვეყნის ბაზარზე გადის და წელს ახალი საექსპორტო ქვეყნების მოძიება არ იგეგმება.

"ადგილობრივი ბაზარი ჩვენი ღვინის 3-4%-ს ითვისებს, ძირითადი მომხმარებელი ჰორეკა სექტორია. წელს დაგეგმილი გვაქვს 30 000 ბოთლის წარმოება და იმ ბაზრებზე პოზიციონირების გაგრძელება, რომლებზეც აქამდეც ვიყავით წარმოდგენილი. იქიდან გამომდინარე, რომ ბოთლების რაოდენობა მცირეა, მოსავლიდან გამომდინარე, ჯერჯერობით ვერ ხერხდება ახალი ბაზრების დამატება. არსებულ პარტნიორებს კი წლევანდელი მოსავლით დავაკმაყოფილებთ.

ჩვენი ღვინოები გადის ამერიკის, ლიეტუვის, ლატვიის, ნორვეგიის, ჩეხეთისა და ჰოლანდიის ბაზრებზე. გვყავს აშშ-ში საცალო დისტრიბუტორებიც, თუმცა ძირითადად "ამბრას" ღვინოები შედის სარესტორნო ქსელებში, სასტუმროებსა და ბუტიკ-ბარებში", - აღნიშნავს "ამბრას" დამფუძნებელი.

აკაკი სირაძე რაჭაში წლევანდელ რთველსაც აფასებს. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ყურძნის რაოდენობა შემცირებულია, ხარისხი საკმაოდ მაღალია.

"რთველი წარმატებით ჩატარდა, კარგი შედეგი გვქონდა. მართალია, მოსავალი შემცირებული იყო, თითქმის განახევრებულიც კი, თუმცა ეს ხარისხზე დადებითად აისახა. შაქრიანობის დონეც საკმაოდ მაღალი იყო, რაც ხვანჭკარის წარმოებისთვის იდეალურია. ასე რომ, პროცესი სწორად, ჯანსაღად და დაგეგმილად წარიმართა, რაშიც ამინდმაც შეგვიწყო ხელი", - აღნიშნავს აკაკი სირაძე.

დამფუძნებლის განმარტებით, "ამბრამ" წელს 20 ტონა ალექსანდროული და მუჯურეთული გადაამუშავა და თეთრი ყურძნის სხვადასხვა სახეობა, ჯამურად 15 ტონა იმერეთიდან და ლეჩხუმიდან შეისყიდა.

სირაძის განმარტებით, მეღვინეებისთვის ყურძნის ჩაბარების ფასი წელს, 2023-თან შედარებით, 7-დან 8 ლარამდე გაიზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები