"ადგილობრივი ბიზნესი ვერ გაიმართება, იმხელა "ქეშბექს" და მარჟებს ითხოვენ ქსელები" - ამის შესახებ "ფასების საპარლამენტო კომისიის" სხდომაზე ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია "გემრიელის" წარმომადგენელმა, ირაკლი წერეთელმა ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, კომპანიამ საცალო გაყიდვების ქსელებიდან თავისი პროდუქცია გამოიტანა, რადგან მათ დიდ ნაწილს გადახდის არაპროგნოზირებადი პირობები აქვთ და მწარმოებლებისგან დიდ თანხებს ითხოვენ.
"ფასს, რასაკვირველია, არეგულირებს "რითეილ" სექტორი. ყველა ნიუანსი მასთანაა დაკავშირებული. ქეშბექზე საუბრობთ სხდომებზე, მაგრამ აქ უნდა გავმიჯნოთ, მე რა ფასში ვაძლევ და ის რამდენს უმატებს მერე, იმიტომ რომ მე დახლზე ფასს ვერ განვსაზღვრავ, შეხება არ მაქვს. მარტო მაღაზიების ბრალეულობაც არ არის, უბრალოდ აქ არ არის რეგულაციები. მე, მაგალითად, დიდ ქსელებში არ შევდივარ, ვიყავი, მაგრამ გადახდილი ქეშბექებიც დავუტოვე და წამოვედი, იმიტომ რომ დამანგრევდნენ. შევნარჩუნდი 3-5 ქსელში, რომლებთანაც პარტნიორული ურთიერთობა ჩამომიყალიბდა.
დიდი ქსელები, რომლებიც მუშაობენ უბნების გადაკეტვაზე, მათთან არ ვმუშაობ, იმიტომ რომ ეგენი არიან ჩემი დამღუპველები, ადგილობრივი ბიზნესი ვერ გაიმართება, იმხელა ქეშბექს და მარჟებს ითხოვენ. არაპროგნოზირებადი გადახდის პირობები აქვთ, ხელშეკრულებაში რაღაც წერია, მაგრამ მთავარი ამის შესრულებაა", - ამბობს "გემრიელის" წარმომადგენელი.
ირაკლი წერეთელმა სხდომაზე აღნიშნა, რომ თუ სახელმწიფო საცალო ქსელების მხრიდან მწარმოებლებისა და იმპორტიორებისთვის ფულის გადახდის პროცესსა და ვადებს დაარეგულირებს, ქსელებს ახალი ფილიალების გასახსნელად საჭირო ფინანსები აღარ დარჩებათ.
"სახელმწიფო უნდა ჩაერთოს რეგულირებაში. საქველმოქმედო ორგანიზაცია არც დისტრიბუციაა, არც წარმოებაა და არც, რა თქმა უნდა, რითეილერი არ არის. მაგრამ, როდესაც იმის იმედად აკეთებ მაღაზიას, რომ სადისტრიბუციო კომპანია ინვენტარს შემოგიტანს, ფულს მწარმოებლისგან დაიკავებ და 1 200 მაღაზიაზე ახვალ, მე ვკოტრდები ამასობაში, იმხელა თანხებზეა საუბარი.
[თუ დარეგულირდა საცალო ქსელების მიერ მწარმოებლისთვის გადახდას, ახალ მაღაზიას ვეღარ გახსნიან], საოპერაციო ხარჯებს ვეღარ აუვლენ. მე როგორც მაქვს ხელშეკრულებით ნაიკისრი მიწოდება, მათაც პასუხისმგებლობა, რომ გადასახდელი აქვთ თანხა ჩემთვის, აღარ აძლევთ საშუალებას, რომ საოპერაციო ხარჯები სხვაგან გადაისროლონ", - განაცხადა ირაკლი წერეთელმა.




























