საქართველოს ელექტრონული კომერციის სექტორს უცხოეთიდან მზარდი გამოწერები კვლავ გამოწვევას უქმნის და ადგილობრივი ბიზნესი ისეთ პლატფორმებთან, როგორიცაა TEMU არათანაბარ კონკურენციაშია. ამის შესახებ BM.GE-ს "იქომერს ასოციაცია - საქართველოს" (eCommerce Association Georgia) თავმჯდომარემ, ლადო კანდელაკმა განუცხადა.
მისი თქმით, სწორედ ეს გამოწვევები განიხილეს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) წარმომადგენლებთან შეხვედრაზე.
GCCA-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სააგენტოს ოფისში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ელექტრონული კომერციის სექტორში არსებულ გამოწვევებსა და სააგენტოს მიერ დადგენილ სტანდარტებზე იმსჯელეს. აგრეთვე, მიმოიხილეს აღნიშნული მიმართულებით დამკვიდრებული საუკეთესო პრაქტიკა. საუბარი შეეხო ონლაინ ვაჭრობის სფეროში მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმებსა და იმ სტანდარტებს, რომლებსაც თანამედროვე ციფრული ბაზარი უნდა აკმაყოფილებდეს.
ლადო კანდელაკი სექტორში არსებულ ვითარებაზე საუბრისას აღნიშნავს, დამაკმაყოფილებელი არაა ადგილობრივი ელექტრონული კომერციის განვითარების ტემპი. მისი განცხადებით, გამოწვევებზე საპასუხოდ, კომპლექსური მუშაობაა საჭირო.
"იზრდება Cross-border e-commerce, ანუ გამოწერები იგივე ჩინეთიდან. არანორმალურად დიდი რაოდენობის შეკვეთები არის, თან მთელი საქართველოს მასშტაბით. პარალელურად, ადგილობრივი ელექტრონული კომერცია დიდად არ ვითარდება. ამ სექტორში ადგილობრივი დიდ მოთამაშეებს აქვთ ზრდა, მაგრამ ისე არა რომ, ძალიან დიდი ზრდა ჰქონდეთ და კარგი ტენდენცია.
ერთი შეხვედრით გამოსავალს ვერ იპოვი, აქ უნდა დაჯდეს ეკონომიკის სამინისტრო, სექტორი, ანუ დიდი მუშაობა სჭირდება, რომ გამოსავლის გზები ვნახოთ. Cross-border ვაჭრობა ავკრძალოთ, რა თქმა უნდა ამას არავინ ამბობს, ეს გამორიცხულია და არც გამოვა, მაგრამ ამავე დროს აქაური მცირე და საშუალო ბიზნესიც უნდა დავიცვათ და გავუფრთხილდეთ.
ისრაელი რომ ავიღოთ მაგალითად, ყველაფერი ხდება e-commerce-ით. მოგიტანენ ნახევარ საათში თუნდაც ხილს და უფრო იაფად, ვიდრე რომ მიხვიდე ფიზიკურ ლოკაციაზე. ასეთი რაღაცები არ ხდება ჩვენთან და რეალურად უნდა ხდებოდეს", - ამბობს "იქომერს ასოციაცია - საქართველოს" თავმჯდომარე.




























