„გუდვილის“ გენერალური დირექტორის გიორგი ხაბაშვილის თქმით, ქსელური მარკეტების პოლიტიკა ადგილობრივი წარმოების განვითარებისკენ არის მიმართული.
როგორც მან „საქმიანი დილის“ ეთერში სტუმრობისას განაცხადა, კომპანია იმ მეწარმეებს, ვინც ხარისხის და უწყვეტობის დაცვას ახერხებს, გადახდის ლოიალურ პირობებს სთავაზობს.
„ჩვენთვის ახალი პროდუქტი ყოველთვის საინტერესოა, ხშირად ვეძებთ სიახლეებს და „რითეილ ექსპომ“ ამ თვალსაზრისით პოზიტიური როლი შეასრულა. თუმცა აქ მთავარი ის არ არის, რომ ქსელურ მარკეტებს გვიჭირს რაიმე პროდუქტის პოვნა, ჩვენ ამას ვაკეთებთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად მხარი დავუჭიროთ ქართულ წარმოებას, რომელიც ყოველ მხრივ სარგებლიანი პროცესია.
საქართველოში ყველა სწორად აწყობილი წარმოება ვინც არის, თითქმის ყველასთან ვთანამშრომლობთ. ახალი კომპანიები ვინც კი შემოდიან, მათთანაც მუდმივად მიმდინარეობს მოლაპარაკებები. რას ნიშნავს სწორად აწყობილი წარმოება, ყველა რითეილერი მაქსიმალურად ლოიალურები ვართ ქართული მწარმოებლების მიმართ, ვითხოვთ ხარისხის დაცვას და უწყვეტობას. ჩვენი მხრიდან ყველა ნაბიჯს ვდგამთ, რომ მათ შესაძლებლობების ფარგლებში მივეხმაროთ. გვაქვს საკმაოდ ლოიალური პირობები, იგივე გადახდასთან მიმართებით, იმისთვის, რომ მაქსიმალურად წახალისდნენ,“ - განაცხადა ხაბაშვილმა.
ინფორმაციისთვის, 7-8 ოქტომბერს, „რითეილ ასოციაციის“ ორგანიზებით, ორბელიანის მოედანზე პირველად „რითეილ ექსპო 2023“, გაიმართა, რომელიც ქართული და იმპორტირებული პროდუქტის გამოფენა-გაყიდვას მოიაზრებდა.
ღონისძიება ორდღიანი იყო და მასში მონაწილეობა 80-მა ადგილობრივმა მეწარმემ და კომპანიამ მიიღო. ღონისძიებამ მონაწილეებს შესაძლებლობა მისცა თავიანთი პროდუქცია ფართო საზოგადოებისთვის და ქსელურ მარკეტების წარმომადგენლებისათვის წარედგინათ და მათთან სამომავლო პარტნიორობისთვის კავშირები დაემყარებინათ. მონაწილეები წარმოდგენილი იყვნენ როგორც თბილისიდან, ისე რეგიონებიდან.