ფასების საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილის კითხვაზე, რამდენად ეფექტურად იყენებენ საცალო გაყიდვების ქსელები ვერტიკალური ინტეგრაციის, კერძო ეტიკეტის და პირდაპირი იმპორტის მსგავს მექანიზმებს, "გუდვილის" გენერალური დირექტორი, გიორგი ხაბაშვილი განმარტავს, რომ, მიუხედავად პრიორიტეტულობისა, ქვეყანაში საკუთარი ბრენდის ქვეშ წარმოების განვითარება მარტივი არ არის.
"საკმარისად ეფექტურად ვერ ვიყენებთ ამ შესაძლებლობებს, იმიტომ რომ საკუთარი ბრენდის, ანუ private label-ის (ე.წ. პიელი) ქვეშ პროდუქტების წარმოების განვითარება ყველა ქსელისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია, რადგან ეს იძლევა საშუალებას, ბრენდის ფასეულობა ამოვარდეს და ამის გამო ფასნამატი აღარ იყოს, გაიაფდეს პროდუქცია. მაგრამ საქართველოში ძალიან რთულია ისეთი მწარმოებლების პოვნა, რომლებიც მზად არიან, იმუშაონ ე.წ. პიელზე.
კოლეგებმაც აღნიშნეს, რომ მოუწიათ რაღაცების წარმოება, დაინახეს რომ სჭირდებოდათ და ბაზარზე არ იყო შეთავაზება. ჩვენც "გუდვილის" შემთხვევაშიც, ათეულობით და ასეულობით ი-მეილი არსებობს მწარმოებლებისთვის მიწერილი, რომ გთხოვთ მოგვაწოდოთ ფასები "პიელზე", კონსერვაცია რომ გვიწარმოოთ ჩვენი ბრენდის ქვეშ. სამი მომენტია ძირითადად, ერთი, სამწუხაროდ, არ არის აქტიურობა; მეორე, გვეუბნებიან, არ არის მოცულობები, ექსპორტს მიაქვს სრულადო; მესამეა, რომ ხარისხით და ფასით ვერ უწევენ კონკურენციას", - აღნიშნავს გიორგი ხაბაშვილი.
მისივე თქმით, კერძო ეტიკეტირების სისტემა გაცილებით უფრო განვითარებულია მეზობელ სომხეთში და ამ დონემდე საქართველოში წარმოების განვითარება ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას მოითხოვს.
"უმაღლესი ხარისხის კონსერვაციის საწარმოები აქვს სომხეთს, რომელიც ძალიან მისაღებ ფასად აწარმოებს პროდუქტს, მათ შორის კერძო ეტიკეტის ქვეშაც. იქით კი არ სჭირდებათ თხოვნა და მიწერა, ეძებენ რეალიზაციის ბაზრებს. ჩვენ ვხედავთ, რომ მანდ არის ძალიან დიდი შესაძლებლობა და დროც სჭირდება, რომ დაკრედიტების მასშტაბებზე და ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობა უსაზღვრო და ულევი არ არის", - ამბობს "გუდვილის" გენდირექტორი.
ცნობისთვის, პროდუქტი, რომელიც დამზადებულია კონტრაქტით ან მესამე მხარის მწარმოებლის მიერ და იყიდება საცალო ვაჭრობის ბრენდის სახელით, ცნობილია როგორც კერძო ეტიკეტის წარმოება.




























