საინვესტიციო ბანკ Galt & Taggart-ის ბოლო კვლევის თანახმად, სოფლის მეურნეობის პროდუქტებიდან საქართველოს მთავარი საექსპორტო ბოსტნეული კარტოფილი და პომიდორია. კერძოდ, 2022 წელს საქართველოდან ბოსტნეულის ექსპორტმა $14.5 მლნ შეადგინა, პროდუქციის დიდი ნაწილი კი დსთ-ის ქვეყნებში გავიდა.
როგორც ხილ-ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაციის პრეზიდენტი, ვახტანგ ბეჟიტაშვილი BMGTV-ის გადაცემა “წერტილის” ეთერში განმარტავს, სექტორი ბაზრის დივერსიფიცირებას ცდილობს, თუმცა ქვეყანაში ამისათვის მზაობა ჯერ არ არის და ახალი ქვეყნების ასათვისებლად სახელმწიდოსგან მეტი პროექტების შეთავაზებაა საჭირო.
“პროდუქტის EU-ში გატანა ყველას სურვილია, როგორც კერძო სექტორის, ისე მთავრობის და ამისათვის გარკვეული ნაბიჯები იდგმება, თუმცა როგორც ჩანს, ეს ნაბიჯები საკმარისი არ არის იმისათვის, რომ აქტიურ რეჟიმში გადავიდეთ ბაზრების დივერსიფიკაციაზე და ე.წ. ტრადიციულ ბაზრებს ჩვენი საექსპოროტო მოცულობები ჩამოვაშოროთ ან ვიფიქროთ უფრო მაღალშემოსავლიან და მაღალი სტანდარტის ბაზრების ათვისებაზე.
ამისათვის პროგრამები, რომლებიც წლებია მუშაობს საქართველოში, “დანერგე მომავალი, “აწარმოე საქართველოში” და აგროკრედიტის სუბსიდირება, რა თქმა უნდა კარგია, და კერძო და სახელმწიფო კაპიტალი, რაც სოფლის მეურნეობაში წავა, მისასალმებელია მხოლოდ, თუმცა ეს საკმარისი არ არის და პროექტების რაოდენობის ზრდა უნდა მოხდეს აუცილებლად. ახალი პროექტები უნდა დაინერგოს, რომლებიც ადგილობრივი ფერმერების შესაძლებლობებზე იქნება ადაპტირებული”, - ამბობს ბეჟიტაშვილი.
ასოციაციის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის პროექტების საკმარისი რაოდენობით არ არსებობა ციფრებზეც აისახება: “ჩვენ გაცილებით მეტ იმპორტს მოვიხმართ ბოსტნეულის კუთხით. საქართველოში ძალიან დიდი რაოდენობით შემოდის ისეთი პროდუქცია, რომლის წარმოებაც ადგილობრივადაც არის შესაძლებელი და ეს დარგების ხელშეწყობით უნდა დაბალანსდეს”.
იმას, რომ საქართველო სოფლის მეურნეობის პროდუქტების იმპორტზეა დამოკიდებული, G&T-ის კვლევაც ადასტურებს, რომლის თანახმადაც, 2022 წელს საქართველოში 118 მლნ კგ-მდე ხილის, 658 მლნ კგ მარცვლოვნებისა და 150 მლნ კგ-ის იმპორტი განხორციელდა. ბეჟიტაშვილის თქმით, ამ შემთხვევაში გამოსავალი ქართული პროდუქტის კონკურენტუნარიანობის აწევაა, რასაც მცირე ფერმერების კოლექტივიზაცია სჭირდება.
“ჩვენ შეგვიძლია მცირემიწიანი ქვეყნების მაგალითები ავიღოთ, მათ შორის სამეზობლოდან, სადაც სოფლის მეურნეობა კარგად არის განვითარებული. ფერმერული მეურნეობების კოოპერირება უჭირთ საქართველოში, რადგან კოლექტივიზაციის გამოცდილება აქვთ, რაც თანამედრო სამყაროში სულ სხვანაირად ხდება. ევროპის გამოცდილებაზე დაყრდნობით, ფერმერებს ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ, განათლება და ტრენინგები, რომ ადამიანებამდე მივიდეს, რომ მათი გაერთიანება უფრო დიდ სარგებელს მოუტანს თითოეულ მათგანს, ვიდრე ცალ-ცალკე წვრილი მეურნეობების დაკავება.
როდესაც 1ჰა-ზე ნაკლებ მიწის ფართობზე უწევს ფერმერს მუშაობა, მას დანახარჯები იმხელა აქვს, რომ იქ მოყვანილი პროდუქცია კონკურენციას ვერაფერს უწევს. და როდესაც ადგილობირივი პროდუქცია კონკურენტული არაა, ეს მწვანე შუქია იმპორტისთვის - სწორედ ამიტომაა იმპორტის მოცულობები ასეთი დიდი. ჩვენი პროდუქცია ეკოლოგიურად უფრო სუფთაა და გემოვნური თვისებებით უკეთესი, მაგრამ იაფი იმპორტი მაინც ჯობნის”, - აცხადებს ვახტანგ ბეჟიტაშვილი.
საინვესტიციო ბანკის კვლევის თანახმად, იმპორტის მაჩვენებლების ზრდის მთავარი მიზეზი ტროპიკული ხილია. 2022 წელს ქვეყანაში $91.8 მილიონის ხილი და $96.9 მილიონის მარცვლეული შემოვიდა.