„ხილ-ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაციის“ პრეზიდენტი, ვახტანგ ბეჟიტაშვილი BM.GE-სთან „რუსული კანონის“ შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ როგორც მოქალაქის და როგორც ბიზნესის წარმომადგენლისთვის ამ კანონის მიღება არის მიუღებელი.
მისი ინფორმაციით, თავად კანონის შინაარსი და ის პრაქტიკა რაც ამ კანონმა რუსეთსა და ბელარუსში გამოიწვია ცხადყოფს, რომ ანალოგიური პრაქტიკის საქართველოში გატარება არ არის მისაღები.
„როგორც მოქალაქის და როგორც ბიზნესის წარმომადგენლისთვის ამ კანონის მიღება არის მიუღებელი. როგორც მინიმუმ იმიტომ, რომ ამდენი ადამიანი, საზოგადოების ჯანსაღი ნაწილი, ახალი თაობა აპროტესტებს. თავისთავად ცხადია, ეს არის უარყოფითი მოვლენა და თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ თვითონ კანონის შინაარსი და ის პრაქტიკა, რაც ამ კანონმა რუსეთსა და ბელარუსში გამოიწვია, ანალოგიური პრაქტიკის საქართველოში გატარება არ არის მისაღები.
კანონი რა თქმა უნდა როგორც მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებაზე, ასევე ბიზნესის განვითარებაზე უარყოფითად იმოქმედებს. სამომავლოდ, ჩვენ უკვე აღარ შეგვიძლია ახალი ინვესტიციების მოზიდვაზე, რაიმეს განვითარებასა და პროგრესზე ვიფიქროთ როგორც ბიზნესის, ასევე სამოქალაქო საზოგადოების განვითარების კუთხით. ეს არის ცალსახად უარყოფითი მოვლენა და რა თქმა უნდა, ჩემი პირადი აზრია, რომ თავისთავად - არა ამ კანონს. გინდაც რუსული დავუძახოთ და სადაურიც არ უნდა იყოს, ეს არ არის ჯანსაღი მოვლენა, ეს არის უარყოფითი მოვლენა“- აცხადებს ბეჟიტაშვილი.
მისივე მოსაზრებით, რუსეთთან შავი ფული დღემდე მოძრაობს, რადგან ექსპორტის გადმორიცხვები სანქციების გამო ვერ ხერხდება, შესაბამისად ფული ქეშით მოძრაობს, რაც რა თქმა უნდა გადასახადების დამალვასა და ბიზნესის არასწორი მიმართულებით წასვლას განაპირობებს. ეს კი ევროპის შემთხვევაში გამორიცხულია. ბეჟიტაშვილი ამბობს, რომ ევროპაში მაღალი სტანდარტებია და ნებისმიერი აქტივობა ხელშეკრულების მიხედვით კეთდება.
"ჩვენ პირველი ექსპორტი პოლონეთის მიმართულებით გავიტანეთ, რომელიც კონტრაქტით იყო გათვალისწინებული, თავისი ჩარიცხვებით და ყველაფრით. შემდგომში, მათგან კიდევ იყო მოთხოვნა, თუმცა ჩვენთან უკვე შესაბამისი ხარისხი და რაოდენობა ვერ უზრუნველვყავით. ასეთი მაგალითები რაც შეიძლება მეტი უნდა იყოს. საქართველოდან არის იმის პოტენციალი, რომ ჩვენთან სწორად დაგეგმარების შემთხვევაში სრულად თუ არა ნაწილობრივ მაინც შესაძლებელი იყოს საქართველოს ექსპორტი ევროპის მიმართულებით გავიდეს, რომ რაც შეიძლება მეტი ვაჭრობა იყოს დასავლეთთან და არა ჩვენს „მეგობარ“ ჩრდილოეთთან, რომელიც საქართველოს სრულად ანექსიას ელოდება","- აღნიშნავს „ხილ-ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაციის“ პრეზიდენტი.