„მე არ მინდა საბჭოთა წარსულში დაბრუნება, არც რუსულ აწმყოში, მე თავისუფალ, პლურალისტურ გარემოში მინდა ჩემი და ჩემი (თქვენი) შვილების ცხოვრება“,- ამის შესახებ განცხადებას, კომპანია „ნუტრიმაქსის“ მმართველი პარტნიორის ბექა ბექაია ავრცელებს.
ბიზნესმენი სოციალურ ქსელში დოკუმენტს ასაჯაროებს, რომელშიც საბჭოთა კავშირის უმაღლესი სასამართლოს ცნობაა, მისი დიდი პაპის დახვრეტის შესახებ ასახული.
„ეს ჩემი დიდი პაპის რეაბილიტაციის ცნობაა, რომელიც 1938 წელს დახვრიტეს მუხლით: "აგიტაცია ან პროპაგანდა, რომელიც შეიცავს საბჭოთა ხელისუფლების დამხობის მოწოდებას".
ასეთი ცინიკური იყო საბჭოთა იმპერია, ჯერ დაგხვრეტდნენ, იმიტომ, რომ აბსოლუტურ ძალაუფლებას ფლობდნენ და ყველაფერს აკეთებდნენ, რაც უნდოდათ. მერე, 20 წლის შემდეგ გაგამართლებდნენ დანაშაულის არარსებობის გამო.
სხვათა შორის, ჩემი მეორე დიდი პაპაც რეპრესირებულია, ოღონდ 15 წლიანი პატიმრობით "გამოძვრა". დაიჭირეს იმის გამო, რომ ერთ-ერთ სუფრაზე სტალინს შეაგინა და ვიღაცის დასმენით ხალხის მტრების სიაში შეიყვანეს.
მე არ მინდა საბჭოთა წარსულში დაბრუნება, არც რუსულ აწმყოში, მე თავისუფალ, პლურალისტურ გარემოში მინდა ჩემი და ჩემი (თქვენი) შვილების ცხოვრება, სადაც განსხვავებული აზრის და შეხედულების გამო არ იდევნებიან. სადაც შრომა და სწავლა ფასდება და არა მმართველი სისტემის ერთგულება“,-აცხადებს ბიზნესმენი.