2026 წლის იანვარში საქართველოში წლიური ინფლაცია 4.8%-მდე გაიზარდა, რაც დეკემბერში არსებულ ინფლაციასთან შედარებით 0.8 პროცენტული პუნქტით მეტი იყო. ინფლაციის ზრდაზე ყველაზე დიდი გავლენა სურსათის ჯგუფს ჰქონდა, რაც 2026 წლის იანვრის მდგომარეობით წლიურად 10.6%-ით იყო გაზრდილი.
საქსტატი ინფლაციას მისი პროდუქციის წარმომავლობის მიხედვითაც ითვლის, როგორც სტატისტიკიდან ხდება ცნობილი, თუკი 2024 წლის მეოთხე კვარტალამდე ინფლაციის ძირითადი მდგენელი იყო იმპორტირებული საქონლის გაძვირება, 2024 წლის ოქტომბრიდან 2026 წლის იანვრის ჩათვლით ფასების მატების ძირითადი მიზეზი ადგილობრივად წარმოებული საქონლის ფასების მატებაა, იმპორტულ საქონელზე კი არაერთი თვის განმავლობაში ფასების კლებაც დაფიქსირდა. მაგალითად 2026 წლის იანვრის მდგომარეობით იმპორტული საქონლის ინფლაცია მინუს 0.1%-ია, მაშინ როდესაც ადგილობრივი წარმოების პროდუქციის ინფლაციაა 7%, ხოლო შერეული პროდუქციის ინფლაცია კი 5.5%-ია.
აღნიშნულის შესახებ საუბარია ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის ანგარიშებშიც, სადაც მითითებული იყო რომ ადგილობრივად წარმოებული საქონლის ფასების მატება ძირითადად სახელფასო დანახარჯების ზრდასთან იყო დაკავშირებული. ამასთან, სებ-ის უკანასკნელ მონეტარული პოლიტიკის ანგარიშში აღნიშნულია, რომ არსებული მდგომარეობით ხელფასების მატების ტემპი შემცირებულია, რაც თავის მხრივ ადგილობრივად წარმოებული პროდუქციის ინფლაციაზე წნეხს შეამსუბუქებს.
"იმპორტირებული პროდუქტების ფასების ცვლილება კვლავ დაბალია (0 პროცენტი), დიდწილად საწვავის ფასების წლიურად შემცირების ხარჯზე. მიუხედავად აღნიშნული ტენდენციებისა, შედარებით მოქნილი ფასების ინფლაციის (მეტწილად, სურსათის) ხანგრძლივად მაღალ დონეზე შენარჩუნება ინფლაციური მოლოდინების ზრდის რისკებს საყურადღებოს ტოვებს.
ამავდროულად, ამ სცენარით, დოლარის გლობალურად შესუსტებული პოზიციის ტენდენცია მოსალოდნელზე ხანგრძლივად შენარჩუნდება, რაც იმპორტირებული პროდუქტების დაბალი ინფლაციის გზით, მთლიან ინფლაციაზე შემცირების მიმართულებით იმოქმედებს. დამატებით აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი შრომის ბაზრის ტენდენციები ფასებზე შემცირების მიმართულებით მოქმედებს, რაც დაბალინფლაციური სცენარის განვითარების შესაძლებლობებს აძლიერებს,"- ნათქვამია სებ-ის მონეტარული პოლიტიკის ანგარიშში.





























