მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Adjaranet და Imovies ჰოლივუდის სტუდიებს პასუხობენ

5de12142cdf47
შოთა ტყეშელაშვილი
29.11.19 17:45
18156
Warner Bros-ის, Universal-ის, Sony Pictures-ის, Disney-ისა და ჰოლივუდის სხვა წამყვანი სტუდიების უფლებადამცველი ასოციაცია საქართველოში პირატული ფილმების რაოდენობით შეშფოთებულია. საქპატენტისთვის გაგზავნილ წერილში Motion Picture Association of America-ს რეგიონალური პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ვებგვერდები - Imovies.ge და Adjaranet.com-ი სტუდიების თანხმობის გარეშე ავრცელებდნენ კონტენტს. 

აღნიშნულ წერილს თავად  Imovies.ge და Adjaranet.com-ი გამოეხმაურნენ. კომპანიების მიერ Facebook-ზე გავრცელებული განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქვეყანაში პირატული კონტენტის მიმართულებით რეალურ პრობლემას რუსული ვებგვერდები წარმოადგენენ.
 
Imovies.ge და Adjaranet.com-ის განცხადება:

"ჩვენი კომპანია წლების განმავლობაში იყო ერთადერთი, რომელიც ქართულ ინტერნეტსივრცეში ლეგალურად ყიდულობდა და ჰქმნიდა ქართულ ფილმებს, სერიალებსა და გადაცემებს.

ჩვენ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მხარდაჭერით, მუდმივად ვმუშაობთ უცხოურ კომპანიებთან საქართველოში ლეგალური კონტენტის შემოტანასა და გავრცელებაზე. ვაწარმოებთ მიმდინარე მოლაპარაკებებს, როგორც მცირე ასევე წამყვან კინოსტუდიებთან, მაგალითად, როგორებიცაა დისნეი, სონი ფიქჩერსი, პარამაუნტი და ა.შ.

მიუხედავად წარმატებული სამუშაო პროცესისა წამყვან კინოსტუდიებთან, პროცესის სწორად წარმართვისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი რუსული, პირატული კინოპორტალების დაბლოკვა, რათა ქართულ კომპანიებს, რომლებიც იხდიან გადასახადებს საქართველოს ბიუჯეტში, ჰქონდეთ შესაძლებლობა და მოტივაცია იმისა, რომ შეიძინონ ლეგალური ფილმები და სერიალები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი მომხმარებლების უფლებების დაცვა, ამიტომაც აქტიურად ვმუშაობთ იმაზე, რომ ჩვენს საიტებზე განთავსებული კონტენტის გალეგალურება არ იყოს დაკავშირებული ქართველი მომხმარებლებისთვის დამატებით ხარჯთან.

ჩვენ ვცნობთ ნებისმიერი ქართული კომპანიის უფლებებს მათ საკუთრებაში მყოფ კონტენტზე, წლების განმავლობაში ჩვენ არ ვანთავსებდით ქართული კომპანიების მიერ ლეგალურად შეძენილ პროდუქციას ჩვენს ვებ-გვერდებზე, სწორედ იმიტომ, რომ ყველა მათგანის უფლება ყოფილიყო სრულიად დაცული, თუმცა, გასაკვირია ის, რომ ამ ხნის მანძილზე იმავე კომპანიები არ დგამდნენ არანაირ ნაბიჯებს რუსული პირატული ვებ-გვერდების წინააღმდეგ.

ჩვენთვის გასაგებია ზოგიერთი ქართული კომპანიის მცდელობა, არ დაუშვას ადგილობრივ ბაზარზე ღია და კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბება, რასაც ისიც ადასტურებს, რომ დღეს გამოქვეყნებული წერილის გავრცელება და მისი არასწორი ინტერპრეტირება მოხდა სწორედ იმ მომენტში, როდესაც ქართული ინტერნეტ საიტები წამყვან უცხოურ სტუდიებთან მოლაპარაკებების ბოლო ეტაპზე არიან და სულ მალე ქართულ ინტერნეტსივრცეში შეიძლება გაჩნდეს სრულიად ლეგალური და ყველასთვის ხელმისაწვდომი კინოპროდუქცია,"- ნათქვამია განცხადებაში. 


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები