სამონტაჟო და გრაფიკული პროგრამებიც ცნობილი ამერიკული პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია Adobe-მ აქციების გამოსყიდვის ახალი პროგრამა წარადგინა. ინიციატივის მოცულობა $25 მილიარდს შეადგენს.
როგორც ირკვევა, კომპანია ამ ნაბიჯით ინვესტორების ნდობის აღდგენას ცდილობს. განსაკუთრებით კი იმ ფონზე, როდესაც ხელოვნური ინტელექტის განვითარება მის ტრადიციულ აპლიკაციებზე მოთხოვნას ამცირებს და ძვირად ღირებულ გამოწერის სერვისს სულ უფრო არარენტაბელურს ხდის.
გავრცელებული ინფორმაციით, აქციების გამოსყიდვის პროცესი 2030 წლის 30 აპრილამდე გაგრძელდება. აქვე უნდა ითქვას, რომ გადაწყვეტილება ინვესტორებმა დადებითად მიიღეს. ანონსიდან მალევე Adobe-ის აქციების ფასი ვაჭრობის შემდგომ სესიაზე 2%-ით გაიზარდა.
ცნობისთვის, გაზრდილი კონკურენციის ფონზე მიმდინარე წელს Adobe-ის აქციების ფასი ჯამურად 30%-ით შემცირდა. ინვესტორებში შეშფოთება კიდევ უფრო გააღრმავა Anthropic-ის მიერ გასულ კვირას წარდგენილმა Claude Design-მა. საუბარია ახალ პლატფორმაზე, რომელიც მომხმარებლებს დიზაინისა და პრეზენტაციების შექმნას ჩეთბოტის მეშვეობით სთავაზობს.
აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ კონკურენციასთან გასამკლავებლად საკუთარი AI ხელსაწყოებს Adobe-ც ქმნის და მათი მიზანი პროგრამების მაქსიმალური ავტომატიზაციაა. სწორედ ამ მიზნით, კომპანიამ ორშაბათს ახალი, პერსონალიზებული ინსტრუმენტების პაკეტი გამოუშვა.
Adobe-ს მიერ აქციების გამოსყიდვის პროგრამის დაანონსების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ისიც ითვლება, რომ მარტის თვეში კომპანიის გენერალური დირექტორის, შანტანუ ნარაიენის მოულოდნელად გადადგომამ ინვესტორები შეაშინა და კომპიუტერული პროგრამების მწარმოებელი გიგანტის სამომავლო სტრატეგიის მიმართ სერიოზული კითხვები გააჩინა.




























