ზანზიბარში ქართველის მიერ გახსნილი 4-ვარსკვლავიანი სასტუმრო Seashore Villa, რომელიც ბაზარზე უკვე მეოთხე წელია ოპერირებს, მიმდინარე წელს ტურისტული ნაკადის შემცირებას აფიქსირებს. სასტუმროს მფლობელი თიკო ჭუბაბრია BM.GE-სთან აცხადებს, რომ გასულ წელთან შედარებით სასტუმროს დატვირთვა დაახლოებით 20%-ით შემცირდა.
მისი თქმით, შემცირების მთავარი მიზეზი ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენებია, რამაც ავიამიმოსვლასა და მგზავრობის ღირებულებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა.
"წინა წელთან შედარებით დაახლოებით 20%-ით შემცირებულია ტურისტების დატვირთვა. ეს აღმოსავლეთში განვითარებულმა კონფლიქტურმა სიტუაციამ განაპირობა, რა დროსაც ფრენები ან საერთოდ გაუქმდა, ან შემცირდა. ასევე, მნიშვნელოვნად არის გაძვირებული ავიაბილეთები", - ამბობს თიკო ჭუბაბრია.
მისივე ინფორმაციით, სასტუმროს სტუმრების ძირითად ნაწილს ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებიდან მიღებული ტურისტები შეადგენენ.
"ძირითადად გვსტუმრობენ გერმანიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, შვედეთიდან, საფრანგეთიდან და იტალიიდან. რაც შეეხება ქართველ ტურისტებს, მათი რაოდენობა, სამწუხაროდ, ძალიან მცირეა, განსაკუთრებით ახლა, როდესაც ავიაბილეთები გაძვირებულია. ადრე ქართველების რაოდენობა უფრო მაღალი იყო. ახლა ფრენები უკვე აღდგენილია და იმედი გვაქვს, საქართველოდან ვიზიტორების ნაკადი გაიზრდება", - აღნიშნავს სასტუმროს მფლობელი.
მიუხედავად შემცირებული მოთხოვნისა, ზანზიბარში ამჟამად მაღალი ტურისტული სეზონია და Seashore Villa თითქმის სრულად არის დატვირთული. „ახლა უკვე მაღალი სეზონია და სასტუმროს დატვირთვა 80-90%-ს აღწევს, თუმცა გასულ წელს ამავე პერიოდში დატვირთვა 100%-საც აჭარბებდა და სტუმრების გადამისამართება მეზობელ სასტუმროებში გვიწევდა. ეს მხოლოდ ჩვენს სასტუმროს არ ეხება - მთლიანად ზანზიბარშია ტურისტების რაოდენობა შემცირებული“, - ამბობს თიკო ჭუბაბრია.
მისი ინფორმაციით, ზანზიბარში დაბალი სეზონი მხოლოდ სამი თვის განმავლობაში გრძელდება, რა დროსაც სასტუმროს საშუალო დატვირთვა დაახლოებით 30%-ს შეადგენს.
რაც შეეხება ფასებს, სტანდარტულ ნომერში ერთი ღამით განთავსების ღირებულება მაღალი სეზონის პერიოდში საშუალოდ 90 დოლარია, ხოლო დაბალ სეზონზე დაახლოებით 70 დოლარს შეადგენს. თუმცა, როგორც სასტუმროს მფლობელი განმარტავს, საბოლოო ფასი ნომრის კატეგორიაზეა დამოკიდებული.




























