მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კვოტირება არასწორად იყო, აბიტურიენტების ინტერესები არ გაითვალისწინეს - განათლების ექსპერტი

ლიკა ღლონტი

უმაღლესი განათლების ექსპერტი ლიკა ღლონტი მიიჩნევს, რომ უნივერსიტეტებში მისაღები ადგილების სახელმწიფოს მიერ განსაზღვრამ არ გაამართლა. ის BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ ამბობს, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებმა აჩვენა, რომ სახელმწიფო მიერ დაგეგმილი კვოტები აბიტურიენტების რეალურ ინტერესებს არ დაემთხვა.

ღლონტის შეფასებით, პრობლემის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ის არის, რომ კვოტების განსაზღვრისას სახელმწიფო ე.წ. შრომის ბაზრის კვლევას დაეყრდნო, რომლის სრული მეთოდოლოგია და შედეგები საზოგადოებისთვის არ ყოფილა ხელმისაწვდომი.

„პრინციპში არავის გვინახავს ეს კვლევა. რამდენიმე სლაიდი გვაჩვენეს, მაგრამ არ ვიცით, [კვლევა] რომელმა ექსპერტებმა ჩაატარეს, რა მეთოდოლოგიით იხელმძღვანელეს და საბოლოოდ რა შედეგები მიიღეს“, - ამბობს ლიკა ღლონტი.

მისი თქმით, უნივერსიტეტებში ვაკანტური ადგილები წინა წლებშიც რჩებოდა, თუმცა წელს განსხვავება ის არის, რომ მისაღები ადგილების რაოდენობა თავად სახელმწიფომ განსაზღვრა და შესაბამისად, შედეგებზე პასუხისმგებლობაც მას ეკისრება.

ექსპერტის აზრით, უმაღლესი განათლების პოლიტიკა მხოლოდ შრომის ბაზრის მიმდინარე მოთხოვნებზე ვერ აიგება და გადაწყვეტილებების მიღებისას სტუდენტების ინტერესებიც უნდა იყოს გათვალისწინებული.

„21-ე საუკუნეში ამ პროცესების მხოლოდ შრომის ბაზრის მოთხოვნებით მართვა არ შეიძლება. არსებობს საზოგადოებაში არსებული ტენდენციები, აბიტურიენტების ინტერესები და მათი არჩევანი, რომელთა უგულებელყოფაც ასეთ შედეგამდე მიგვიყვანს“, - აღნიშნავს ღლონტი.

მისივე თქმით, ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი სოციალური მეცნიერებების მიმართულებებია, სადაც ადგილების შემცირების მიუხედავად, აბიტურიენტების ინტერესი მაღალი დარჩა. ექსპერტი განსაკუთრებით სოციოლოგიისა და ფსიქოლოგიის პროგრამებს გამოყოფს: „ჩვენ წლების განმავლობაში ვხედავთ, რომ სოციალური მეცნიერებები აბიტურიენტებისთვის საინტერესო მიმართულებაა. რატომ ხდება ეს და რამდენად კარგია ეს ტენდენცია, ცალკე საკითხია, მაგრამ არსებული ინტერესის ფონზე ამ პროგრამებზე ადგილების შემცირება სერიოზული შეცდომა იყო“, - ამბობს ის.

ლიკა ღლონტი ასევე ყურადღებას ამახვილებს სკოლაში საბუნებისმეტყველო საგნების მიმართულებით არსებულ პრობლემებზე. მისი თქმით, წელს ბიოლოგიაში ჩაჭრილი აბიტურიენტების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც, მისი შეფასებით, უფრო ფართო პრობლემაზე მიუთითებს.

„ტექნოლოგიურ ეპოქაში ქვეყანა, რომელსაც ფიზიკაში, ქიმიასა და ბიოლოგიაში ასეთი მდგომარეობა აქვს, ძალიან მძიმე გამოწვევის წინაშე დგას. ამ მიმართულებებს განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება, რადგან აქ ქვეყნის მომავლის საკითხიც დგას“, - აცხადებს ექსპერტი.

ღლონტის შეფასებით, რეფორმის საბოლოო შედეგებზე საუბარი ჯერ ნაადრევია და პრობლემების ნაწილის გამოსწორებას მეორადი ჩარიცხვებიც შეიძლება ვერ ეყოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები