უმაღლესი განათლების ექსპერტი ლიკა ღლონტი მიიჩნევს, რომ საგრანტო დაფინანსების გაუქმება სტუდენტებისთვის არჩევანის შეზღუდვას იწვევს და განათლების სისტემაში სოციალური უთანასწორობის რისკს ზრდის.
მან BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ აღნიშნა, რომ მაღალი აკადემიური შედეგების მქონე სტუდენტებს, რომლებსაც კონკრეტულ კერძო უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება სურდათ, სახელმწიფო დაფინანსების გამოყენების შესაძლებლობა აღარ აქვთ და არჩევანის გაკეთება მათთვის ფინანსურ შესაძლებლობებთან უფრო მეტად არის დაკავშირებული.
„ბევრი კარგი სტუდენტი სწორედ ფინანსური შეზღუდვის გამო ვეღარ სწავლობს იმ კერძო უნივერსიტეტებში, სადაც თავად სურს. საბოლოოდ, მათი არჩევანი დამოკიდებული ხდება არა მხოლოდ ინტერესსა და აკადემიურ შედეგებზე, არამედ იმაზეც, რამდენად შეუძლია ოჯახს სწავლის დაფინანსება“, - ამბობს ღლონტი.
ექსპერტის შეფასებით, ცვლილება მხოლოდ სტუდენტების არჩევანზე არ აისახება და შესაძლოა გავლენა იქონიოს თავად კერძო უნივერსიტეტების მდგომარეობასა და განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემაზეც.
„თუ კერძო უნივერსიტეტი სახელმწიფოსგან დაფინანსებას საერთოდ არ იღებს, ბუნებრივად ჩნდება კითხვა - რატომ უნდა იყოს მისთვის ზუსტად იგივე მოთხოვნები და პროცედურები, რასაც სახელმწიფო უნივერსიტეტები გადიან? - ამ სისტემას სერიოზული გადახედვა დასჭირდება“, - აღნიშნავს ის.
ღლონტი პრობლემურად მიიჩნევს რეგიონულ უნივერსიტეტებში რიგი პროგრამების დახურვასაც. მისი თქმით, რეგიონებში მცხოვრები სტუდენტებისთვის სწავლის გასაგრძელებლად სხვა ქალაქში გადასვლა დამატებით საცხოვრებელ ხარჯებს ნიშნავს, რაც უფასო სწავლას ავტომატურად ხელმისაწვდომ განათლებად აღარ აქცევს.
„წარმოიდგინეთ სტუდენტი, რომელმაც სკოლა რეგიონში დაამთავრა და თბილისში, ბათუმში ან ქუთაისში გადასვლის ფინანსური შესაძლებლობა არ აქვს. მხოლოდ სწავლის საფასურის არქონა მის პრობლემას ვერ წყვეტს - მას საცხოვრებელი, გადაადგილება და ყოველდღიური ხარჯებიც აქვს“, - ამბობს ექსპერტი.
მისივე აზრით, განსაკუთრებით სერიოზული შეიძლება იყოს რეგიონული უნივერსიტეტების დასუსტების გრძელვადიანი შედეგები. იგი თელავში, გორში, ახალციხესა და ზუგდიდში შექმნილ ვითარებას ქვეყნის რეგიონული განვითარების პრობლემადაც განიხილავს.
„რეგიონული უნივერსიტეტები მხოლოდ სასწავლო დაწესებულებები არ არის. ისინი ამ ქალაქების აკადემიური და კულტურული ცხოვრებისთვის მნიშვნელოვანი ცენტრები იყო. ამ ფუნქციის დაკარგვა მხოლოდ განათლების სფეროს პრობლემა აღარ არის, ეს რეგიონების განვითარებაზეც აისახება“, - აცხადებს ლიკა ღლონტი.
მისი თქმით, რეგიონული უნივერსიტეტების განვითარებაში წლების განმავლობაში ჩადებული ძალისხმევის ფონზე, პროგრამების შემცირება და დახურვა განსაკუთრებით მძიმე გადაწყვეტილებაა.
























