“რეფორმის შეფასებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო გზა იქნება, რომ ვნახოთ, რას დაგვპირდნენ და რა შეასრულეს", - ამის შესახებ განათლების ექსპერტმა სიმონ ჯანაშიამ უმაღლესი განათლების რეფორმის გავლენის შედეგებზე საუბრისას აღნიშნა.
საქმე ისაა, რომ მიმდინარე წელს უმაღლესი განათლების სისტემაში არაერთი ცვლილება განხორციელდა. შეიცვალა უნივერსიტეტების დაფინანსების წესი, გაუქმდა საგრანტო დაფინანსება. სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა გახდა უფასო. გარდა დაფინანსების წესის ცვლილებისა რეფორმის ფარგლებში ამოქმედდა ერთი ქალაქი ერთი ფაკულტეტის მოდელი და საჯარო უნივერსიტეტებში შემცირდა როგორც აკადემიური პროგრამები, ისე მისაღები კონტინგენტი.
"დაგვპირდნენ იმას, რომ ეს რეფორმა გადაანაწილებდა დედაქალაქში მყოფ სტუდენტებს სხვა ქალაქებში. სინამდვილეში მივიღეთ ის, რომ ისე განახორციელეს ეს რეფორმა, რომ მაგალითად, კახეთის აბიტურიენტების 88% მოდის თბილისში. რაც იმას აჩვენებს, რომ პირიქით მოხდა. თუ ადრე ადამიანს შეეძლო ესწავლა თელავში, მაგალითად, სამართალმცოდნეობა, ახლა შეუძლებელია ეს გააკეთოს. უნდა ჩამოვიდეს თბილისში და თბილისშიც მხოლოდ ერთ სახელმწიფო უნივერსიტეტში შეუძლია ეს ისწავლოს, ან უნდა წავიდეს ქუთაისში ან ბათუმში. სხვაგან უბრალოდ შეუძლებელია. ეს არის ერთი პირობა, რომელიც არ შესრულდა.
მეორე პირობა იყო ის, რომ ამ რეფორმის ფარგლებში კონცენტრაციას მოახდენდნენ პროფესორების ცოტა უნივერსიტეტში, რომ ხარისხი ამაღლებულიყო. სინამდვილეში ეს პროფესორები უბრალოდ სამსახურს კარგავენ, კი არ ერთიანდებიან. მეორეც, თვითონ პრინციპი — ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი — არ განხორციელებულა, გარდა იმ შემთხვევებისა, სადაც კონკრეტული პოლიტიკური მიზანი ჰქონდათ. მაგალითად, ჩვენ ვხედავთ უნივერსიტეტებს, სადაც ერთი და იგივე მიმართულებები არსებობს: არქიტექტურა სამხატვრო აკადემიაშიცაა და ტექნიკურ უნივერსიტეტშიც, გეოლოგია და ფიზიკა არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც და ილიას უნივერსიტეტშიც. ანუ, სადაც არ აინტერესებთ, იქ დატოვეს, მაგრამ სამართლის მიმართულებაზე აინტერესებდათ და გააუქმეს. ეს დანაპირებები არ სრულდება.
ასევე გვითხრეს, რომ დაფინანსება დაეხმარება იმ აბიტურიენტებს, რომლებსაც ყველაზე მეტად სჭირდებათ და ეს დაფინანსება იქნება სახელმწიფო უნივერსიტეტებში. სინამდვილეში მივიღეთ ის, რომ მაღალქულიანები, ვინც შარშან კერძოებში აბარებდნენ, გადმოვიდნენ სახელმწიფო უნივერსიტეტებში. ამის გამო დაბალქულიანები, რომლებიც ძირითადად რეგიონებიდან არიან და არ აქვთ კარგი ინფრასტრუქტურა სკოლებში, იჩაგრებიან და ახლა ისინი მიდიან უფრო ძვირად ღირებულ პროგრამებზე კერძო სექტორში”, - აცხადებს ჯანაშია.
აღსანიშნავია, რომ წლევანდელი რეფორმის შედეგად სახელმწიფო უნივერსიტეტებიდან ყველაზე მეტად ილიაუნის პროგრამები შეიზღუდა. უნივერსიტეტმა წელს 4000-ის ნაცვლად 338 სტუდენტი მიიღო. სიმონ ჯანაშია მიიჩნევს, რომ ილიაუნის პროგრამების გაუქმება და ადგილების შემცირება პირდაპირ კავშირშია ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილ აკადემიურ წრეებთან.
“გვაქვს სიტუაცია, როდესაც ერთი წლის განმავლობაში ერთმა სახელმწიფო უნივერსიტეტმა მიიღო 7000 სტუდენტი, ხოლო მეორეს ჰქონდა მხოლოდ 380 ადგილი. ეს აჩვენებს, რომ აქ რაღაც არასწორად არის დაგეგმილი. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დაახლოებით 1000 მოწვეული პროფესორია, რომლებიც ახლა ჰაერში არიან, რადგან არავინ იცის, დასჭირდებათ თუ არა ისინი”, - აცხადებს ჯანაშია.




























