მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უმაღლესი განათლების რეფორმა წმინდა ბიზნესურად კერძო უნივერსიტეტებისთვის იყო სასარგებლო - შალვა ტაბატაძე

უნივერსიტეტები

განათლების ექსპერტ შალვა ტაბატაძის შეფასებით, უმაღლესი განათლების რეფორმის გაცხადებული მიზანი საუნივერსიტეტო სივრცეში არსებული გამოწვევების, მათ შორის ხარისხის ამაღლების და შრომის ბაზრის მოთხოვნებთან მიახლოება, ვერ შესრულდა. ის ამბობს, რომ რეფორმის შედეგად წმინდა ბიზნესური თვალსაზრისით სახელმწიფო უნივერსიტეტებზე მეტად კერძო უნივერსიტეტებმა იხეირეს, რომელთაც წელს რამდენიმე ასეულით მეტი სტუდენტის მიღება შეძლეს, გარკვეულ პროგრამებზე კი ფასი გაიზარდა, რაც მათ შემოსავლებსაც გაზრდის. მისი შეფასებით, ინსტიტუციურ დონეზე მიმდინარე სასწავლო წლისთვის, ყველაზე მეტად ილიაუნი და რეგიონის უნივერსიტეტები დაზარალდნენ.

„რომ შეხედოთ, რომელ უნივერსიტეტებში შემცირდა და გაიზარდა სტუდენტების რაოდენობა, ცალსახაა, რომ ილიას უნივერსიტეტს, რომელმაც 338 სტუდენტი მიიღო 4000-ის ნაცვლად, აბსოლუტურად დიდი რისკი აქვს გადარჩენის.

მეორე ამ თვალსაზრისით არის რეგიონული უნივერსიტეტები, რომლებიც მულტიპროფილური უნივერსიტეტებიდან გახდნენ მონოპროფილურები. ერთი მხრივ, ისინი ვეღარ სთავაზობენ პროგრამებს. მეორე მხრივ, მათ ადგილების რაოდენობა შეუმცირდათ და ამ შემცირებული ადგილების რაოდენობაზეც კი ვერ შეავსეს და მიიღეს ნაკლები სტუდენტი, იმიტომ რომ განათლების მეცნიერებაზე, აგრარულზე და სატყეო საქმეზე მაინცდამაინც მსურველთა რაოდენობა დიდი არ იყო.

მესამე კომპონენტად შეგვიძლია ავიღოთ სხვა სახელმწიფო უნივერსიტეტები, რომელთათვისაც თითქოს პოზიტიური შედეგი იყო ის, რომ სტუდენტთა რაოდენობა გაეზარდათ. ასეთი უნივერსიტეტი შეიძლება იყოს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელსაც მკვეთრად გაეზარდა ადგილების რაოდენობა, ან სამედიცინო უნივერსიტეტი…

წმინდა ბიზნესის თვალსაზრისით თუ შევხედავთ, კერძო უნივერსიტეტებისთვის ეს იყო სასარგებლო გადაწყვეტილება. მათ შეძლეს შარშანდელთან შედარებით 1600 სტუდენტით მეტი მოეზიდათ და ამავე დროს, ამ რეფორმის კვალდაკვალ და იმის კვალდაკვალ, რომ გარკვეულ პროგრამებზე შეზღუდვა დაწესდა სახელმწიფო უნივერსიტეტებში, კერძო უნივერსიტეტებმა ამ კონკრეტულ პროგრამებზე [ყველამ არა, მაგრამ ძირითადად] გაზარდეს თანხები. ეს არის: სამართალი, ბიზნესის ადმინისტრირება, კომპიუტერული მეცნიერებები და ა.შ. შესაბამისად, მათი თანხობრივი შემოსავალი გაიზარდა.

ხარისხთან დაკავშირებით რამდენად შეძლებენ ისინი კონკურენცია გაუწიონ სახელმწიფო უნივერსიტეტს და გაზრდილი სტუდენტთა რაოდენობის პირობებში უზრუნველყონ ხარისხიანი განათლება, ეს ცალკე საკითხია, გამიჭირდება ამის პროგნოზირება, თუმცა ფინანსური თვალსაზრისით, როგორც ბიზნესისთვის, ეს იყო საინტერესო”, - აცხადებს ტაბატაძე.

მისი შეფასებით, რეფორმამ ნეგატიურად იმოქმედა მოწყვლად ჯგუფებზეც, რადგან გაზრდილი კონკურენციის პირობებში, მათთვის უფასო განათლებაზე ხელმისაწვდომობა შემცირდა. შალვა ტაბატაძის ინფორმაციით, მაგალითად, ეთნიკური უმცირესობების სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხვის მაჩვენებელი დაახლოებით 15%-ით შემცირდა.

აღსანიშნავია, რომ უფასო განათლებაზე ხელმისაწვდომობა შემცირდა სოციალურად დაუცველებისთვის. ერთი ქალაქი ერთი ფაკულტეტის მოდელის ამოქმედებამ და ადგილობრივ უნივერსიტეტებში პროგრამების გაუქმებამ რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებს არჩევანის უფლება წაართვა. ამასთან, მაღალქულიანი სტუდენტების სახელმწიფო უნივერსიტეტებში მასობრივად გადასვლის გამო, დაბალქულიანი სტუდენტები, რომლებსაც სახელმწიფო დაფინანსება ყველაზე მეტად სჭირდებათ, იძულებულნი გახდნენ კერძო, ძვირად ღირებულ სასწავლებლებში ჩაებარებინათ, რაც მათ ფინანსურ ტვირთს უზრდის.

მიმდინარე წელს უმაღლესი განათლების სისტემაში არაერთი ცვლილება განხორციელდა. შეიცვალა უნივერსიტეტების დაფინანსების წესი, გაუქმდა საგრანტო დაფინანსება. სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა გახდა უფასო. გარდა დაფინანსების წესის ცვლილებისა რეფორმის ფარგლებში ამოქმედდა ერთი ქალაქი ერთი ფაკულტეტის მოდელი და საჯარო უნივერსიტეტებში შემცირდა როგორც აკადემიური პროგრამები, ისე მისაღები კონტინგენტი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები