ადრეული და სკოლამდელი აღზრდის რეფორმა გულისხმობს ქვეყნის მასშტაბით მოქმედი საჯარო და კერძო ბაღების თვითშეფასებასა და ეტაპობრივ ავტორიზაციას, - ამის შესახებ განათლების და მეცნიერების მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი ამილახვარმა პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა, კულტურის, სპორტის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განაცხადა.
„სკოლამდელ განათლებაზე საყოველთაო ხელმისაწვდომობისა და ინკლუზიური გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, გრძელდება ინტენსიური მუშაობა. მიმდინარეობს და გაგრძელდება დივერსიფიცირებული სკოლამდელი განათლების კონცეფციაზე მუშაობა, რაც გულისხმობს საჭიროებებზე მორგებული მომსახურებების განვითარებას როგორც ურბანული დასახლებების მრავალრიცხოვანი ჯგუფების განტვირთვის, ისე მაღალმთიანი რეგიონების მცირე კომლიანი და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული მუნიციპალიტეტებისთვის. სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსდება სკოლამდელი განათლების უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები და გაგრძელდება ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მიმართულებით მიმდინარე რეფორმა“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.
მინისტრობის კანდიდატმა ყურადღება გაამახვილა არაქართულენოვანი მოსახლეობით დასახლებული რეგიონების ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში ბილინგვური სწავლების მოდელის დანერგვის მნიშვნელობაზე.
„ეთნიკური უმცირესობების გაძლიერებისა და მათთვის ხარისხიანი განათლების მიწოდების უზრუნველყოფის მიზნით, არაქართულენოვანი მოსახლეობით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში ყველა საბავშვო ბაღში დაინერგება სახელმწიფო ენის სწავლება ბილინგვური მოდელით. პარალელურად აქტიურად გაგრძელდება ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის ხარისხიანი საგანმანათლებლო რესურსების შემუშავება/განვითარება. ეთნიკური უმცირესობების საჭიროებებზე მორგებული სკოლამდელი განათლება ხელს შეუწყობს სასკოლო მზაობის გაუმჯობესებას და ზოგადი განათლების საფეხურზე საგანმანათლებლო პროცესის ხარისხის ზრდას“, - თქვა მან.