მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

უფასო სასკოლო კვების პროგრამა 2026 წელსაც არ დაიწყება|რას ამბობდნენ მინისტრები 2021-2025 წლებში?

განათლების მინისტრები

საქართველოში, სკოლებში უფასო კვება არც 2026 წლიდან დაიწყება - განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდების სამინისტროს 2 მილიარდ 700 მილიონიან ბიუჯეტში უფასო სასკოლო კვების პროგრამისთვის თანხა არ ჩანს.

„ეს ერთადერთ რამეს აჩვენებს - პოლიტიკური ნება არ არის და სკოლებში უფასო კვება [მთავრობისთვის] პრიორიტეტი არ არის. ბავშვების აკადემიური მოსწრება, სამწუხაროდ, ამ ქვეყანაში პრიორიტეტი არ არა“, - განაცხადა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განათლების ექსპერტმა, მოძრაობა „სოციალური დემოკრატიისთვის" წევრმა გიორგი ჭანტურიამ, რომელიც ბევრი წელია, სკოლებში უფასო კვების შემოღებას ლობირებს.

რატომ ვერ ხერხდება „უფასო კვების“ პროგრამის საპილოტე რეჟიმში მაინც ამოქმედება? - პრობლემა ფინანსური რესურსია თუ პოლიტიკური ნების არარსებობა?!

სკოლებში უფასო კვება არც 2026 წლიდან დაიწყება - რატომ?|ოფიციალური მიზეზი

“საჯარო სკოლებში უფასო კვებაზე საუბარი, ჯერჯერობით, ნაადრევია” - ასე უპასუხა მიმდინარე წლის დეკემბრის დასაწყისში, BMG-ის შესაბამის კითხვას განათლების მოქმედმა მინისტრმა. გივი მიქანაძე ირწმუნება, რომ მთავარი მიზეზი მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურაა.

„ჩვენი პრიორიტეტია ყველა სკოლაში არსებობდეს სათანადო ინფრასტრუქტურა კვების ობიექტის მოსაწყობად. ბევრი სკოლაა სადაც ასეთი ინფრასტრუქტურა ჯერ კიდევ არ გვაქვს. ამიტომ როდესაც ეს საკითხი გადაწყდება, განვიხილავთ იმ საკითხს რა ნაბიჯების გადადგმა შეიძლება კვების უზრუნველყოფისთვის. სანამ ინფრასტრუქტურა არ იქნება უზრუნველყოფილი და უსაფრთხოების სტანდარტები მაქსიმალურად არ იქნება გადამოწმებული დამატებით კომპონენტებზე საუბარი, ჯერჯერობით, ნაადრევია", - განაცხადა მინისტრმა.

გივი მიქანაძის არგუმენტები არადამაჯერებლია განათლების ექსპერტ გიორგი ჭანტურიასთვის. ის მიიჩნევს, რომ სკოლებში უფასო კვების პროექტის საპილოტე რეჟიმში მაინც ჩაშვება შესაძლებელი იყო.

„ცხადია, არანაირად არ არის მყარი [მინისტრის არგუმენტი]. ეს არის აბსოლუტურად არასერიოზული და უპასუხისმგებლო დამოკიდებულება... ინფრასტრუქტურის პრობლემა შეიძლება, 10 წელი კიდევ ვერ მოვაგვაროთ“, - თქვა გიორგი ჭანტურიამ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ და იქვე დასძინა, რომ პოლიტიკური ნების შემთხვევაში, პროგრამის დასაწყებად „საუკეთესო ინფრასტრუქტურის“ მოლოდინი არ არის საჭირო, რადგან არსებობს უამრავი ვარიანტი. მაგალითად:

  • მიტანის მეთოდი (დისტრიბუცია);
  • შერეული მოდელი, სადაც მცირე სკოლებში თემთან შეთანხმებით, ადგილობრივ ოჯახებს შეუძლიათ საკვები მოამზადონ.;
  • საპილოტე პროგრამის დაწყება კონკრეტულ მუნიციპალიტეტებში ან დაწყებით საფეხურზე.

ექსპერტმა ინტერვიუში მიანიშნა მინისტრების ხშირ ცვლაზეც, როგორც სისტემის არასტაბილურობის ნიშანზე, რაც ხელს უშლის თანმიმდევრულ პოლიტიკას.

უფასო სასკოლო კვება: რას ამბობდნენ „ქართული ოცნების“ მინისტრები 2021-2025 წლებში?

BMG-ის ციფრული არქივი სკოლებში უფასო კვების მოდელის დანერგვაზე „ოცნების“ მთავრობის სხვადასხვა წევრის არაერთ კომენტარს ინახავს. განათლების ყოფილი მინისტრის გიორგი ამილახვარი ერთ-ერთი მათგანია. ისიც აქცენტს აკეთებდა არა - ფინანსურ სახსრებზე, არამედ სკოლებში შესაბამისი ინფრასტრუქტურის არარსებობაზე, როგორც ხელშემშლელ ფაქტორზე.

„სახელმწიფომ, პირველ რიგში, უნდა უზრუნველყოს სკოლების ინფრასტრუქტურა, რაზედაც აქტიურად ვმუშაობთ, როდესაც ამ საკითხებს მოვაგვარებთ, რაც უახლოეს 2-3 წელიწადში მოხდება, შემდეგ ეტაპობრივად მოგვეცემა საშუალება ეს პროექტი დავიწყოთ", - ამბობდა გიორგი ამილახვარი 2023 წელს.

უფრო ადრე, 2022 წელს, განათლების მაშინდელი მინისტრი მიხეილ ჩხენკელიც აცხადებდა, რომ სასკოლო კვების საკითხზე სამინისტრო გაეროს ბავშვთან ერთად აქტიურად მუშაობდა.

2025 წელი სრულდება და განათლების მოქმედი მინისტრი უფასო სასკოლო კვების თემაზე ამბობს, რომ „ჯერ ადრეა ამაზე საუბარი“.

„განათლების სამინისტრო აქტიურად მუშაობს და კვლავ გააგრძელებს ამ საკითხის ირგვლივ მუშაობას, რაშიც პირადად ვიქნები ჩართული“, - BMG-ის ციფრული არქივი 2024 წლის დასაწყისში, ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ ამ განცხადებასაც ინახავს.

სკოლებში უფასო კვების დანერგვაზე ერთ-ერთი პირველი განცხადება ჯანდაცვის ყოფილ მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს ეკუთვნის. "სკოლებში უფასო კვებაზე მუშაობა ორი წლის წინ დავიწყეთ. ინტენსიურად ვიმუშავებთ როგორც განათლების სამინისტროსთან, ასევე Unicef-თან. მათთან ერთად პროექტი დეტალურად გაწერილია როგორც კვების მენიუს, ასევე ფინანსურ ნაწილში. ორი წლის წინ დავიწყეთ ამაზე მუშაობა და ეს უკვე განხილულია", - აცხადებდა ეკატერინე ტიკარაძე 2021 წელს ანუ მისი თქმით, ამ პროექტის დამუშავება მთავრობამ 2019 წელს დაიწყო.

დღიურად 3-4 ლარი - რა დაუჯდებოდა სახელმწიფოს სკოლებში უფასო კვების შემოღება?

BMG-მ მოიძია განათლების სამინისტროსთან ერთად, ჯანდაცვის სამინისტროს დაკვეთით, 2020-2021 წლებში ჩატარებული კვლევის პრეზენტაცია,სადაც დათვლილია, რა დაუჯდებოდა სახელმწიფოს სკოლებში ბავშვების უფასო კვება. ჩვენი ინფორმაციით, ეს ის კვლევაა, რომელზედაც ეკატერინე ტიკარაძე 2021 წელს საუბრობდა.

კვლევის პრეზენტაციიდან ჩანს, რომ კვების მენიუ ევროპის ქვეყნების გაიდლაინებზე დაყრდნობით შეიქმნა. ასევე, დათვლილი იყო, რა დაუჯდებოდა სახელმწიფოს სკოლებში უფასო კვების დანერგვა. როგორც გავარკვიეთ, ჯანდაცვის და განათლების სამინისტრო მაშინ ორ მოდელს განიხილავდა - პირველი არის ე.წ. „კომერციული ბიუჯეტით“ დათვლილი მოდელი, რომელიც სკოლებში უფასო კვების მომსახურების აუთსორსზე გატანას გულისხმობდა - სავარაუდოდ, ტენდერის გამოცხადების გზით, მომწოდებელი კომპანიის გამოვლენას, მეორე - „არააკომერციული ბიუჯეტის“ მოდელით კი, მოიაზრებდნენ ბავშვებისთვის განკუთვნილი საკვები მენიუს სახელმწიფოს ბაზაზე მომზადებას - მაგალითად, სამხედრო ბაზის სასადილოებში და სკოლებში დისტრიბუციას.

ჯანდაცვის სამინისტროს დათვლებით, ე.წ. „კომერციული ბიუჯეტის“ მოდელით სახელმწიფოს სკოლებში [დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურზე] მოსწავლეთა კვება წლიურად 376 მლნ ლარი დაუჯდებოდა. უფრო კონკრეტულად: ერთი მოსწავლე სასწავლო წელს 692.68 ლარი, დღეში - ₾3.96.

რაც შეეხება ე.წ. „არაკომერციული ბიუჯეტით“ დათვლილ მოდელს, სახელმწიფოს ჯამურად, ერთი წელი ყველა მოსწავლის უფასო კვებაში შედარებით ნაკლები თანხა - 316 მლნ ლარი დასჭირდებოდა. შესაბამისად, წელიწადში - 583 ლარი იყო დანახარჯი ერთ მოსწავლეზე, დღეში კი - ₾3.30.

უფასო სასკოლო კვება | UNICEF-ის კვლევის შედეგები

საქსტატთან თანამშრომლობით ჩატარებული UNICEF-ის კვლევაც, რომელიც 2023 წლით თარიღდება, აჩვენებს, რომ სასკოლო საათებში კვება მნიშვნელოვანი გამოწვევაა. კვლევის ფარგლებში, როცა მშობლებს ჰკითხეს - უნდა უზრუნველყოფდეს თუ არა სკოლა ბავშვს საკვებით, სასკოლო ასაკის ბავშვების მშობლების/ოჯახის წევრების დიდმა უმრავლესობამ 83%-მა დადებითად უპასუხა.

საინტერესოა ისიც, რომ რესპონდენტების (74.2%), მათ შორის მატერიალური და სოციალური დანაკლისის მქონე ბავშვების მშობლების, უმრავლესობა მზად არის, გადაიხადოს თანხა სასკოლო კვების პროგრამებში, თუკი ეს თანხა მათთვის ხელმისაწვდომი იქნება.

სოციალური მომსახურების სააგენტოს ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში 140 501 ბავშვი სოციალური შემწეობის მიმღებია ანუ მათი ოჯახების სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობენ.

სასკოლო კვება, როგორც განათლების უფლების რეალიზაცია

„თუკი რესურსი არსებობს სასკოლო ფორმებისთვის, სასკოლო ფორმაზე და დეკორაციაზე უკეთესი, ვფიქრობ, [არის კვება]. არცერთი კვლევა არ აჩვენებს, რომ სასკოლო ფორმა რამენაირ კორელაციაში არის განათლების ხარისხთან, აკადემიურ მოსწრებასთან“, - ამბობს განათლების ექსპერტი გიორგი ჭანტურია.

მისი თქმით, ეს არის „დეკორაციული, პოპულისტური მიდგომა“, რომელიც იგნორირებას უკეთებს ფაქტს, რომ [140,501 ბავშვი] სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს.

გიორგი ჭანტურია ხაზს უსვამს, რომ განვითარებულ ქვეყნებში სასკოლო კვება აღარ განიხილება მხოლოდ სოციალურ პროექტად, არამედ - „განათლების უფლების რეალიზებისთვის საჭირო ნაწილად“.

„იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც ერთადერთი კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი სკოლაა, იქ სასკოლო კვების პროგრამას შეგვიძლია [ამის პრაქტიკაც არსებობს] მივაბათ, გახანგრძლივებული პროგრამები, არაფორმალური განათლების კომპონენტი და ასე შემდეგ - ბევრი სხვა რამ... აღსანიშნავია ეკონომიკური კომპონენტიც - კვლევების თანახმად, სასკოლო კვებაში ჩადებული ერთი დოლარი წლების შემდეგ, ცხრა დოლარის ამონაგებს იძლევა... ამდენად, შეიძლება ყველა სკოლაში ერთდროულად არ დაწყებულიყო პროექტი ან ყველა კლასის მოსწავლეები ვერ მოეცვა, მაგრამ როგორც მინიმუმ, საპილოტე პროგრამა აქამდე უნდა გვქონოდა“, - აღნიშნა გიორგი ჭანტურიამ.

„წერტილთან“ ინტერვიუში განათლების ექსპერტმა მშობლების და საზოგადოების აქტიურობის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი.

„ჩვენ უნდა გავიაზროთ, რომ სკოლების უფასო კვების დანერგვით რაღაც არაორდინალურს არ ვითხოვთ. საერთაშორისო გამოცდილებას თუ გადავხედავთ, მაგალითად, მეზობელ სომხეთში უკვე ამოქმედდა სასკოლო კვების პროგრამა და 100 000-ობით მოსწავლე ჰყავთ ჩართული. თავდაპირველად, პროექტი საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით დაიწყო და [ახლა უკვე ბიუჯეტიდან ფინანსდება]; სამწუხაროდ, ჩვენთან საერთაშორისო ორგანიზაციებს ქვეყნის მტრებად მიიჩნევს [მმართველი პარტია]“, - თქვა გიორგი ჭანტურიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები