საჯარო სკოლებში უფასო კვების პროგრამაზე თითქმის 6-წლიანი მუშაობის შემდეგ, "ქართული ოცნების" მთავრობის განათლების მინისტრი აცხადებს, რომ სკოლებში უფასო კვების საკითხი შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობაზეა დამოკიდებული და უფასო კვების კომპონენტზე საუბარი, ჯერჯერობით, ნაადრევია. ამის შესახებ გივი მიქანაძემ BM.GE-ს კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც საჯარო სკოლებში უფასო კვების პროგრამის დაწყებას შეეხებოდა.
„ჩვენი პრიორიტეტია ყველა სკოლაში არსებობდეს სათანადო ინფრასტრუქტურა კვების ობიექტის მოსაწყობად. ბევრი სკოლაა სადაც ასეთი ინფრასტრუქტურა ჯერ კიდევ არ გვაქვს. ამიტომ როდესაც ეს საკითხი გადაწყდება, განვიხილავთ იმ საკითხს რა ნაბიჯების გადადგმა შეიძლება კვების უზრუნველყოფისთვის. სანამ ინფრასტრუქტურა არ იქნება უზრუნველყოფილი და უსაფრთხოების სტანდარტები მაქსიმალურად არ იქნება გადამოწმებული დამატებით კომპონენტებზე საუბარი, ჯერჯერობით, ნაადრევია", - განაცხადა მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ საჯარო სკოლებში უფასო კვების პროგრამაზე ხელისუფლება 6 წელია მუშაობს. ჯერ კიდევ 2021 წელს მაშინდელმა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ სკოლის მოსწავლეებისთვის უფასო სადილის პროგრამაზე მმართველი პარტია ორი წლის განმავლობაში მუშაობდა. ამავეს ადასტურებდა განათლების მაშინდელი მინისტრი, მიხეილ ჩხენკელიც. სკოლებში უფასო კვების დანერგვის დაპირება წინასაარჩევნოდ არაერთხელ გააჟღერა განათლების ყოფილმა მინისტრმა გიორგი ამილახვარმაც, მათ შორის 2023 წლის ბოლოსაც. 6-წლიანი მუშაობის შემდეგ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ აქცენტი შესაბამისი სასკოლო ინფრასტრუქტურის არარსებობაზე გაამახვილა, სკოლებში უფასო კვების დანერგვის სამოქმედო გეგმა კი ჯერ კიდევ არ არსებობს.
ამასთან, გასული წლის თებერვალში, საგაზაფხულო პლენარულ სხდომაზე, ირაკლი კობახიძემ, მაშინ როგორც საქართველოს პრემიერობის კანდიდატმა, განაცხადა, რომ სკოლებში უფასო კვების დანერგვის საკითხზე მუშაობაში პირადად იქნებოდა ჩართული.




























