ქართულ ბაზარზე ახალი ფინტექ კომპანია Adviso შემოვიდა, რომელიც მიზნად ისახავს ბიზნესებში ფინანსური ოპერაციების სრულ ავტომატიზაციას - კონტრაქტის გაფორმებიდან თანხის მიღებამდე.
როგორც კომპანიის წარმომადგენელმა BM.GE-სთან ინტერვიუში აღნიშნა, ქართული ბიზნესების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემა არაეფექტური და შრომატევადი ფინანსური პროცესებია: "ბუღალტრებს ხშირად ისეთი საოპერაციო ამოცანების შესრულება უწევთ, რომლებიც მათ ძირითად ანალიტიკურ ფუნქციას არ უკავშირდება. ინვოისების ხელით გამოწერა, RS.ge-ზე მათი ატვირთვა და საბანკო ამონაწერებთან შედარება რუტინად იქცა, რომელიც დროს და რესურსს მოითხოვს", - აცხადებენ Adviso-ში.
სწორედ ამ გამოწვევის საპასუხოდ, კომპანიის პირველი პროდუქტი - Adviso Invoicing შეიქმნა - ვებაპლიკაცია, რომელიც ფინანსურ ჯაჭვს სრულად ავტომატიზებულს ხდის.

Adviso-ს დამფუძნებლები, ნიკოლოზ ქოიავა და თორნიკე ჩხაიძე, წლების განმავლობაში მუშაობდნენ სერვისებისა და ფინანსების სფეროში და ყოველდღიურად ხედავდნენ, თუ რამდენად არაეფექტურად იწარმოებოდა ფინანსური ოპერაციები კომპანიებში.
"პრობლემა მხოლოდ ინვოისის ხელით გამოწერა არ არის. მთავარი ტკივილი და დროის ხარჯვა იწყება თვის ბოლოს, როდესაც ბუღალტერი ცდილობს საბანკო ამონაწერი შეადაროს Excel-ის ცხრილს, რომ გაიგოს, რომელმა კლიენტმა რომელი კონკრეტული ინვოისი დაფარა. Adviso-ს შექმნის მთავარი იმპულსი სწორედ ამ პროცესის, ანუ გადახდების შეჯერების სრული ავტომატიზაცია იყო", - ამბობს დამფუძნებელი და პროდუქტის მფლობელი, ნიკოლოზ ქოიავა.
Adviso Invoicing საშუალებას აძლევს კომპანიებს, დააკავშირონ ბანკები, RS.ge და შიდა საოპერაციო პროცესები ერთ სისტემაში. აპლიკაცია ავტომატურად ქმნის კონტრაქტებსა და ინვოისებს, ტვირთავს მათ შემოსავლების სამსახურში, აკავშირებს გადახდებს საბანკო ამონაწერებთან და რეალურ დროში აჩენს ფინანსურ მონაცემებს ერთ ანალიტიკურ დაფაზე.
ამ გზით, კომპანიები იღებენ მუდმივად განახლებად ინფორმაციას ფულადი ნაკადების, დებიტორული დავალიანების და გადახდების სტატუსის შესახებ, რაც მენეჯმენტს აძლევს შესაძლებლობას, წინასწარ დაინახოს ფინანსური რისკები და მიიღოს პრევენციული გადაწყვეტილებები.

Adviso-ს ისტორია საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) მიერ გაცემული 150 000-ლარიანი გრანტით იწყება. დღეს კი, Adviso Invoicing უკვე წარმატებით იყენებენ ისეთი კომპანიები, როგორებიცაა City Mall, CityZen, CMC და Vake Plaza.
"Adviso-მ აღმოფხვრა ბუღალტრული ქაოსი თვის ბოლოს. გვაქვს ზუსტი, ორგანიზებული და მოწესრიგებული მონაცემები, რომლებიც ხელახლა გადახედვას აღარ საჭიროებს. ბუღალტრულ ოპერაციებში ეს ძალიან გვეხმარება", - ამბობს City Mall-ის მთავარი ბუღალტერი, თამარ მანაგაძე.
კომპანია 15-მდე პროფესიონალს აერთიანებს და მიზნად ისახავს, მომხმარებლებს შესთავაზოს საუკეთესო გამოცდილება საქართველოში. პარალელურად, Adviso უკვე გეგმავს რეგიონულ გაფართოებას სომხეთში, უზბეკეთსა და ყაზახეთში.
BM.GE-ს კომპანიაში განუცხადეს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში Adviso მუშაობს ახალ პროდუქტზე - Adviso BI, რომელიც ხელოვნურ ინტელექტს გამოიყენებს ფინანსური ანალიტიკის ავტომატიზაციისთვის. მისი კონცეფცია მარტივად აღწერილია, როგორც ChatGPT თქვენი კომპანიის ფინანსებისთვის - სისტემა, რომელიც ქართულ ენაზე უპასუხებს შეკითხვებს კომპანიის ფინანსურ მაჩვენებლებზე და წარმოგიდგენთ შედეგებს ვიზუალურად, გრაფიკების და ცხრილების სახით.




























