გიორგი ბაჩიაშვილმა დღეს, 29 მაისს გამართულ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ ინტერპოლმა მისი ადვოკატების მოთხოვნის საფუძველზე ძებნა შეაჩერა და მისი ექსტრადაციის არანაირი საფუძველი არ არსებობდა. მისი ჩამოყვანა კი ყველა კანონის დარღვევით მოხდა.
ბაჩიაშვილის თქმით, ის გაიტაცეს, ორი დღე თვალებახვეული ატარეს და „აირზენას“ თვითმფრინავით საქართველოში ჩამოიყვანეს.
„ჩემი ექსტრადიცია არანაირი კანონიერი გზით არ ყოფილა შესაძლებელი, რადგან ინტერპოლმა ჩემი ადვოკატების მოთხოვნის საფუძველზე ძებნა შეაჩერა. მათ არ გაუჭირდათ დადგენა, რომ ჩემ მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლებრივი დევნა იყო პოლიტიკური შინაარსის. ამის მიუხედავად, ივანიშვილის დავალებით, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა ბანდიტური გზა აირჩიეს და პირდაპირი მნიშვნელობით მომიტაცეს“, – განაცხადა ბაჩიაშვილმა.
ბაჩიაშვილის თქმით, მისი იძულებითი დაბრუნება არღვევს არა მხოლოდ ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციას, არამედ საერთაშორისო სამართლის არაერთ ნორმას. იგი ხელისუფლებას საერთაშორისო დანაშაულში სდებს ბრალს და აღნიშნავს, რომ ეს საქმე ახალი გამოძიების დაწყების საფუძველი უნდა გახდეს.
„მე არ მაქვს ილუზია, რომ ეს გამოძიება ობიექტური იქნება, მაგრამ ყველაფერს ვიტყვი, რომ კიდევ ერთხელ დავანახო საზოგადოებას, რა რეჟიმში გვიწევს ცხოვრება. სამწუხაროდ, სახელმწიფო სისტემები დღეს კრიმინალურ დაკვეთებს ასრულებენ. დღეს თქვენ ასამართლებთ ბიძინა ივანიშვილის პირად პატიმარს. ყველას მოეთხოვება ადრე თუ გვიან. თეა წულუკიანის შოუები მონაგონი იქნება, დამიჯერეთ“, – აღნიშნა ბაჩიაშვილმა.